ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის – ამ დროისთვის მას არალეგიტიმურად აკონტროლებს თვითმარქვია მინისტრი – ის არ არის მინისტრი, ის არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი და მისი ხელქვეითი ოფიციალურად, – ასე შეაფასა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, შსს-ს განცხადება.
მისი თქმით, ასეთ განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის „ხელქვეითი ზონდერი, გომელაური აკეთებს“.
„ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის. ამ დროისთვის მას არალეგიტიმურად აკონტროლებს თვითმარქვია მინისტრი. ის არ არის მინისტრი, ის არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი და მისი ხელქვეითი ოფიციალურად – ასე იყო სულ. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითი ზონდერი, გომელაური აკეთებს ასეთ განცხადებებს. მას არაფერი საერთო არ აქვს კანონის დაცვასთან, კანონმდებლობასთან. გახსოვთ, მარცხენა თვალი საერთოდ არ მქონდა და იმ დროს არავინ დაუკავებიათ და არც გამოუძიებიათ. შესაბამისად, მასთან დაკავშირებით პირადად მეც ბევრი კითხვები მაქვს, ისევე როგორც საზოგადოებას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და ორგანიზატორებს აფრთხილებს, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან.
როგორც უწყება განმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.
ამასთან, განცხადებაში შსს მიუთითებს, რომ კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.