დღეს ბატონი გომელაური წარმოადგენს მატყუარა, აფერისტობაში გაწაფულ ხელისუფლებას. შესაბამისად, თქვენ ყველა წარმოადგენთ მატყუარა აფერისტების ხელისუფლებას, რომელმაც რუსული კანონის შემთხვევაშიც მოატყუა ხალხი, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში რადიკალები და პროვოკატორები არიან.
„ბატონი გომელაური წარმოადგენს მატყუარა, აფერისტობაში გაწაფულ ხელისუფლებას. თუ არ ხარ თაღლითი, მატყუარა, რომელსაც შეგიძლია, რომ ადამიანებს პირობა მისცე, შემდეგ გადააგდო, მოატყუო, ამ შემთხვევაში თქვენ ვერ მოხვდებით ხელისუფლებაში. შესაბამისად, წარმოადგენთ მატყუარა აფერისტების ხელისუფლებას, რომელმაც რუსული კანონის შემთხვევაშიც მოატყუა ხალხი. მამუკა მდინარაძე გამოვიდა და თქვა, რომ უპირობოდ გაიტანდა ამ კანონს და შემდეგ მოტყუებით, როგორც სჩვევიათ ხელმეორედ შემოიტანეს ეს კანონი. თუ არ შეგიძლიათ ტალახის მაწვნად წარმოჩენა, ვერ იქნებით ხელისუფლებაში. გომელაურს ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება და არის კიდეც თაღლითების, აფერისტების, მატყუარების, კორუმპირებულების მთავრობის წარმომადგენელი. დედამიწაზე არ არსებობს ერთი ადამიანი, ერთი ოჯახი, ვისაც ეს კანონი პოზიტიურად ეხება.
რადიკალები, პროვოკატორები ხართ ხელისუფლებაში, რადგან ზუსტად იცოდით, რა მოჰყვებოდა რუსული კანონის შემოტანას. ხალხის საწინააღმდეგოდ მაინც შემოიტანეთ. არ არსებობს არგუმენტი, რომ არ იცოდით, ხალხს რომ არ უნდა რუსული კანონი, თითქოს არ იცით ხალხს რომ ევროპა უნდა. შესაბამისად, ზუსტად იცოდით რა მოჰყვებოდა ამ პროცესებს, მაგრამ რუსების დავალების შესაბამისად ეს კანონი შემოიტანეთ.
რატომ გწყინთ? იმიტომ, რომ ეს არ იყო არც თქვენი დღის წესრიგის თემა, არც საუბრობდით ამაზე, უბრალოდ ვერ აიტანეთ გაღიმებული ბედნიერი ქართველი, რომელიც აღნიშნავდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. თქვენს პრემიერ-მინისტრს უსტვინეს ახალგაზრდებმა, ამ აღნიშვნის პარალელურად და ასეთი სადამსჯელო ღონისძიება მოიფიქრეთ.
ხომ ამბობდით მგზნებარედ, რომ ერთი ადამიანის თმის ღერად არ გიღირთ არაფერი, ასე ამბობდით, როდესაც რუსული კანონი გაიწვიეთ. ერთ ადამიანს თმის ღერი ჩამოუვარდეს კი არა, გომელაური აქ არის და პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ მოწყვეტით დავარდა ახალგაზრდა და დაარტყა საფეთქელი. ღმერთის წყალობით გადარჩა, მთელი საქართველო ლოცულობდა, რომ ეს ბავშვი ცოცხალი ამდგარიყო იქიდან. ეს კადრები ხომ ნახეთ? ხომ თქვენი დავალებით გააკეთეს ეს ყველაფერი. თქვენი მხრიდან, სპეცრაზმის, „ხარებას“ მხრიდან ხომ იყო განწირული ეს ადამიანი. ქუჩებში, ეზო-ეზო მისდევდით ახალგაზრდებს და როგორ ახალგაზრდებს მისდევდით იცით? – რომლებიც აპროტესტებდნენ რუსულ კანონს და უნდათ ევროპული მომავალი. თქვენ ქუჩებში სდიეთ, რომ მაქსიმალურად გერტყათ ამ ადამიანებისთვის, დაგესაჯათ ევროპული მომავლის სურვილის გამო.
როდესაც სადამსჯელო ღონისძიებაზე ვსაუბრობთ, ეს „ხარება“ რომ დაგიქირავებიათ… ივანიშვილმა 2-5 მილიონი ლარის ბრუნვა აქვს დაცვის კომპანიას, სადაც არიან ზონდერები, გადააცმევთ ფორმებს და აუცილებლად ბევრი კეთილსინდისიერი თანამშრომელი მოჰყვება, რომ ესენი არ არიან გდდ-ს თანამშრომლები, ესენი არიან თქვენი პირადი, ხარებას ზონდერები და 300-დან 500-მდე გყავთ ასეთი, რომლებიც დაცვის სამსახურებში გყავთ გაფორმებული, ძალიან ბევრ შავ ფულს აძლევთ და შემდეგ ახალგაზრდებს ქუჩა-ქუჩა დასდევენ და უსწორდებიან ფიზიკურად“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, „ვახტანგ გომელაური კორუმპირებულია“.
„თქვენ პირად მოადგილეს, რომელიც მაღალ თანამდებობაზე იყო, მიუწვდებოდა ხელი ყველა ინფორმაციაზე. მან თქვა, რომ თქვენ, რუს გენერლებს – ბორტნიკოვს, სედოვს, ბესედას მცხეთაში უმასპინძლეთ. თქვენმა მეგობარმა, ძმაკაცმა, მოადგილემ, „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა, მარტო თქვენთან რომ ჰქონდა კავშირი მთელი ცხოვრება და არაფერთან სხვასთან, მან თქვა. სად არის ბესედზე, სედოვზე ინფორმაცია? გამოძიება დაიწყეთ? შეიძლება, რომ მოადგილემ გამხილოთ და ისევ თანამდებობაზე იყოთ? დროებით მაინც გადამდგარიყავით. საზოგადოება არ უკვირს, რატომ იცავთ რუსულ კანონს, როდესაც სედოვს, ბესედას ხვდებით მცხეთაში ხაჭაპურებს აჭმევთ და ელარჯს უწელავთ.
უცხო ქვეყნის აგენტზე საუბრობთ და ივანიშვილზე უფრო მეტი აგენტი ვინ არის? სად იშოვა ივანიშვილმა ფული? სად იშოვა მილიარდები და საიდან წამოიღო თავისი კაპიტალი? ვინმემ ხელი აწიეთ და თქვით, რომ ეს არის დასავლური ფული. მოსკოვიდან ხომ არ წამოიღო ის ფული? რუსეთის ინტერესებს ხომ არ ატარებს? მაგ მილიარდებით თქვენ ხომ არ გკვებავთ? როცა ვიღაცის აგენტად მონათვლა გსურთ, ბიძინაზე მეტი აგენტი ვინ შეიძლება იყოს? მითხარით საქართველოში მეორე ვინაა ისეთი, ვინც რუსეთიდან მილიონები წამოიღო და შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერევა და მეტიც, ხელისუფლებას მართავს და ვისაც რა უნდა იმას აკეთებინებს. გამოძიება თუ დაიწყეთ რუს ოლიგარქს, ევტუშენკოვს რომ ელაპარაკებოდა? თქვენ მისი პირადი მცველი იყავით და ახლა იმავეს აკეთებთ. მთელმა მსოფლიომ ნახა ეს კადრები, ავთენტურობაც არ დაგიყენებიათ ეჭვქვეშ.
კორუმპირებული ხართ, ბატონო ვახტანგ, სათამაშო ბიზნესში, სამშენებლო ბიზნესში გაქვთ წილი. ვარკეთილში ცხოვრობდით, თქვენ ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ, ისევე როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ნასესხები 1000 დოლარით წავიდა საზღვარგარეთ და ახლა იძახის მილიონერი მამა მყავსო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.