გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე! – ამ გზავნილით მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს, რომლის გზავნილი საპატიმროდან მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ გამოიტანა.
პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ხალხს მოუწოდებს, 4 ოქტომბერს არავინ დარჩეს სახლში ტელევიზორთან და გამარჯვების აღსანიშნავად დედაქალაქის მთავარ გამზირზე გავიდნენ.
„ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე. არავინ დარჩეს სახლში, არავინ დარჩეს ტელევიზორთან! ყველას მოუწოდებს, რომ გამარჯვების დღეს რუსთაველზე ყველა იყოს და ერთიანად, თავად ნახონ გამარჯვება“,- აღნიშნავს ლაშა ტყეშელაძე.
