ახლა გამალებული სამუშაოები უნდა მიმდინარეობდეს სოფლებში, მაგრამ ადამიანებს, ვინც მიწათმოქმედებას ეწევიან, აქვთ უკიდურესი პრობლემა – არ აქვთ საშუალება ჩაასხან გაძვირებული დიზელი და უწევთ ტრაქტორების გაჩერება. უპასუხოს ამ ხალხს ხელისუფლებამ, რატომ უწევთ მოქალაქეებს ერთი ლარის და 65 თეთრის ნაცვლად, 3 ლარის და 20 თეთრის გადახდა დიზელში? – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და რეგიონალური მდივანი გიორგი ბოტკოველი, კახელ ფერმერ გლეხებს შეხვდნენ და მათ საწვავის ფასზე ესაუბრნენ.
„ადამიანებს, რომლებიც მიწათმოქმედებას ეწევიან საქართველოში, მათ შორის, სხვადასხვა სოფელში, აქვთ უკიდურესი პრობლემა, როცა ძვირდება საწვავი და თქვენ ჩემს უკან ხედავთ გაჩერებულ ტრაქტორს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა გამალებული სამუშაოები უნდა მიმდინარეობდეს, ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, ჩაასხას გაძვირებული დიზელი, რომელიც სამი ლარი 20 თეთრი, სამი ლარი და 40 თეთრი ღირს რიგ ბენზინგასამართ სადგურებზე მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ერთ ლარად და 60 თეთრად ახერხებდნენ ერთი ლიტრი საწვავის შეძენას, ამიტომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ უთხრან ადამიანებს, რატომ აძვირებენ ფასებს საწვავზე და შემდეგ ეს ფასები აისახება ამ ადამიანების ყოველდღიურობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია ხელისუფლებას ესმოდეს, რომ საწვავის გაძვირების გარდა, ამ ადამიანებს აწუხებს შხამქიმიკატების გაძვირება ორჯერ, სამჯერ, რიგ შემთხვევაში, ოთხჯერაც კი გაძვირდა შხამქიმიკატები და ადამიანები მიწას ვეღარ ამუშავებენ. ამიტომ არის, როცა ვამბობთ შემდეგ, რომ პროდუქტებზე ფასები ძვირდება, როცა ვამბობთ, რომ ადამიანები საქართველოში ვეღარ აწარმოებენ პროდუქციას, რადგან გაძვირდა ყველაფერი, მონოპოლიებია შექმნილი და შემდეგ კონკრეტული ადამიანები სარგებლობენ. გვაქვს კონკრეტული შეკითხვა, რატომ ხდება, რომ საქართველოში, სხვადასხვა სოფელში, ქალაქში, მიწათმოქმედებას რომ ეწევიან ადამიანები, არიან უბრალოდ გაჩერებულები, რადგან გაძვირდა საწვავი, ორჯერ მეტის გადახდა უწევთ და ასევე, მნიშვნელოვანია გვითხრან, უპასუხონ ამ ადამიანებს- მეწარმეებს, გლეხებს, იმ ხალხს, ვინც ამუშავებს მიწას და მუშაობს ყოველდღიურად მიწასთან. ერთი ლარი და 65 თეთრი რომ ჯდება ერთი ლიტრი საწვავი, როგორ ხდება, რომ სამი ლარი და 20 თეთრი, სამი ლარი და 40 თეთრი ღირს, ეს არის მთავარი შეკითხვები, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, როგორც ადგილობრივმა ფერმერმა კახა უცუნაშვილმა განაცხადა, თუ ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობა არ იქნება, ისინიც იძულებულები გახდებიან ქვეყნიდან წავიდნენ.
„ძალიან გაძვირებულია დღეს ცხოვრება, ბანკი გვაქვს გადასახდელი, ვწვალობთ და ვიღაცას ვუსაღებთ საწვავს, რომელიც არის გასამმაგებული ფასის. ვცდილობთ იაფად ჩავასხათ, მაგრამ იმის ჩასხმა არ შეიძლება, რადგან ვანადგურებთ ტექნიკას უხარისხო საწვავის გამო. ჩვენს მოყვანილ სიმინდს, ხორბალს, ქერს ნაგვის ფასი აქვს. რას ფიქრობს ეს მთავრობა? რას გვიპირებენ? მართლა ბილეთები უნდა ავიღოთ ყველამ და წავიდეთ საზღვარგარეთ? ეს წელიწადი პირადად ჩემთვის არის ბოლო ცდა. იძულებული ვხდები, თუ არაფერი შეიცვალა სასიკეთოდ, თუ ჩვენ მოყვანილ მოსავალს ფასი არ დაედო, საწვავი არ გაგვიიაფდა, მომიწევს ქვეყნის დატოვება. ყველაზე გასაცოდავებული ხალხი ვართ ფერმერები. გამოგვიყონ საწვავი, შხამქიმიკატს დააკლონ ფასი, ტრანსპორტირება გაიაფდეს, მაგრამ, პირიქით, ყველაფერი ძვირდება და ჩვენს ნაშრომს ნაგვის ფასი აქვს. იზრდება ბანკის ვალი, სახლში მშიერი ცოლ-შვილი, ოჯახი გველოდება და უბრალოდ ასე, ღმერთის ანაბარა ვართ მიტოვებულები“, – განაცხადა ადგილობრივმა ფერმერმა, კახა უცუნაშვილმა.