კონკრეტული ადამიანები, ვინც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ და მონაწილეობდნენ არაადამიანურ მოპყრობაში, ძალადობაში, უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში – ვფიქრობთ, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთის აგენტურაა და ისინი არაფერს არ გამოიძიებენ.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირი იღებს რეზოლუციას და წერია, რომ კონკრეტული ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი, ეს შემთხვევა არის პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით. ასევე, უპრეცედენტო რამ მოხდა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო წარმომადგენლობა აღიარებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებით განხორციელდა მჩაგვრელი, არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისად, კონკრეტული ადამიანები, ვინც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ და მონაწილეობდნენ არაადამიანურ მოპყრობაში, ძალადობაში და ეს კადრები ჩვენ ყველას კარგად გვაქვს ნანახი, ცხადია ეს ადამიანები უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვინც ფარცხალაძის კვალს აგრძელებენ, ანუ რუსეთის აგენტურა და ისინი არაფერს არ გამოიძიებენ. ვფიქრობთ, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და კონკრეტული ადამიანები მიეცნენ პასუხისგებაში, ვინც ჩაიდინა დანაშაული“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.