„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ ზოდელავას ადვოკატებმა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის აცილება მოითხოვეს.
როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განმარტა, სწორედ აღნიშნულ მოსამართლემ გასცა ლევან ხაბეიშვილის დაკავების განჩინება, რის გამოც, მას ეს საქმე უნდა აეცილებინა.
როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, მოსამართლის ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება, ვინაიდან ის განჩინებაში ლევან ხაბეიშვილის პიროვნების უარყოფით მხარეებს უსვამს ხაზს.
ადვოკატების თქმით, მოსამართლის სამოტივაციო ნაწილი „ლევან ხაბეიშვილის ლანძღვას ეთმობა”.
„საქმის მასალებს გავეცანით და თქვენ წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია გაქვთ, თქვენ ობიექტური მსაჯული ვერ იქნებით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა ვიმსჯელოთ. თქვენ წინასწარ შექმნილი გაქვთ არათუ პოზიცია, არამედ გაცემული გაქვთ მისი დაკავების განჩინება. მასში მითითებული გაქვთ, რომ მტკიცებულებები გაძლევთ დანაშაულის ნიშნების დანახვის საშუალებას.
ასევე, შეფასება გაქვთ გაკეთებული ლევანის პიროვნულ მახასიათებლებზე. თქვენ წერთ, რომ ლევან ხაბეიშვილის პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, ის საზოგადოებისთვის სახიფათოა”,- განაცხადა კონდახიშვილმა, რაზეც მას მოსამართლემ უთხრა, რომ
„განმარტების გაკეთებას ნუ სთხოვდა და შუამდგომლობა დაეყენებინა“, რაზეც ადვოკატმა უპასუხა, რომ “ის არაფერს არ თხოვდა და პოზიციას აფიქსირებდა“.
„გარდა იმისა, რომ ლევან ხაბეიშვილს აბსურდულ ბრალდებას ედავებიან, თქვენ წერთ, რომ ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებისთვის სახიფათოა მისი ქცევიდან და პიროვნებიდან გამომდინარე, ეს უკვე პოზიციაა, რაღაზე უნდა გესაუბროთ. თქვენ თუ დარჩებით ამ საქმეზე მოსამართლე, აბსურდული ფორმალურობა იქნება, რაზე უნდა იმსჯელოთ?”,- განაცხადა კონდახიშვილმა.
ფიქრია სიქტურაშვილს ბექა ბასილაიამ მის მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებები შეახსენა, მათ შორის, აქტივისტ ნინო დათაშვილთან მიმართებით გაცემული განჩინება, მისი იძულებით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაყვანასთან დაკავშირებით.
„სხვა საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით ამ ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციაში მყოფი ადამიანების დევნის საქმეში მონაწილეობთ”,- მიმართა მას ბექა ბასიალაიამ.
პროკურორი ბექა ხუნაშვილი შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ასევე, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და საქმე არ აიცილა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორცირელა.




