“რაზე მიგვანიშნებს შავებში ჩაცმული ბანდის შევარდნა სპორტულ დარბაზში, თბილისში მომრავლებული ჩეჩენი სპორტსმენები და მებრძოლები, სავარაუდოდ კონტრაბანდულად შემოყვანილი ლომის ბოკვერით ავტობუსის ზოლში მოსეირნე ლაშა ბექაური? რაზე და სახელმწიფოს ჩამოშლაზე.
ამ ბანდებმა იციან, რომ „ოცნება“ მათ თითსაც ვერ დააკარებს, რადგანაც არალეგიტიმურ ხელისუფლებას მხოლოდ მათი ძალადობის იმედიღა აქვთ. ამიტომაც არის, რომ ხარებას, სინჯიკას და კიდევ მისთანების დაჯგუფებებს თავისუფლად შეუძლიათ ერთმანეთს საქმეები ურჩიონ – სადაც და როგორც მოუნდებათ.
უახლოეს მომავალში ასეთი ინციდენტები მხოლოდ მოიმატებს, რადგან მომრავლდებიან ისეთი ჯგუფები, რომლებსაც იარაღისა და ფულის სუნი ოცნების ოფისთან მიიყვანს. გუშინ სპორტკლუბში შეცვივდნენ, ხვალ კი კაფეებში დაიწყებენ საქმეების გარჩევას. ჯერ ჩხუბობენ, მაგრამ მერე ფსონები გაიზრდება და ჩახმახსაც გამოკრავენ ბიზნესების, გავლენის თუ უბნების გასანაწილებლად. ქართულ დაჯგუფებებს ჩეჩნები და რუსები მიემატებიან და ასე შემდეგ. ეს ქაოსი ყველას შეეხება, რადგან აღარ იქნება პოლიტიკური ნიშნით გარჩევა, შუა ქუჩაში ნასროლი ბრმა ტყვია მსხვერპლს პოლიტიკურად ვერ განასხვავებს.
ეს გამოიწვევს პოლიციისა და ჯარის სრულ დემორალიზებას, თუკი ეს ჯერ კიდევ ბოლომდე არ მომხდარა. „ტიტუშკების“ გამოშვება თბილისის ქუჩებში და დემონსტრანტებზე მათი მიქსევა დანაშაულთან ერთად პოლიციის მუნდირის შელახვა იყო.
აქედან გამოსავალი მხოლოდ ერთია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. ეს შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს, თუმცა დრო შეზღუდულია” – წერს ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.