“ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ
ბოლო დროს მესმის, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით ევროკავშირმა არ უნდა დააზარალოს ქართველი ხალხი.
რას ეფუძნება უვიზო მიმოსვლა? ძალიან მარტივად, იმას, რომ საქართველო და ევროკავშირი ერთმანეთს აღიარებენ მეგობრებად, მსგავსი ღირებულებების, საერთო პოლიტიკური მიზნებისა და თავსებადი სამართლებრივი სისტემების მქონე ოჯახებად. ეს ოჯახები ერთმანეთისა და სხვის უფლებებს პატივს სცემენ და ერთად დგანან მეტოქეების წინააღმდეგ. შესაბამისად, მათ შეუძლიათ ერთმანეთთან წინასწარი შეთანხმების, ანუ ვიზის გარეშე იარონ სტუმრად და საქმისთვის.
ქართული ოცნება ევროპას გარყვნილებად, „გლობალური ომის პარტიად,“ სამოქალაქო ორგანიზაციებს უცხოეთის აგენტებად, ევროპელ პოლიტიკოსებს კი რადიკალებად აცხადებს, რომლებსაც საქართველოს გარყვნა და დაღუპვა განუზრახავთ. ოცნება ახლა ცდილობს არჩევნების საერთოდ გაუქმებას და მისი შედეგების გაყალბებით ხელისუფლების სამუდამოდ მიტაცებას – მაშინ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები დემოკრატიული საზოგადოებებია, სადაც თავისუფალი არჩევნებით ირჩევენ მთავრობებს, გარკვეული ვადით და მხოლოდ დროებით. ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში, ძალიან სამწუხაროდ, ერთმანეთის ოჯახებში წინასწარი შეთანხმების (ანუ ვიზის გარეშე) სტუმრობა, შეიძლება შეუძლებელი გახდეს, რადგან ეს მხოლოდ ახლო მეგობრების პრივილეგიაა.
ამიტომ, უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხზე აქცენტი ევროპულ დედაქალაქებზე და ბრიუსელზე კი არა – ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ პოლიტიკაზე უნდა იყოს, რადგანაც სწორედ ის ქმნის იმ რისკებს, რომელიც ყოველ ჩვენგანს და ჩვენს ეკონომიკას ემუქრება.
შექმნილ პრობლემაზე პასუხისმგელობა ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას ეკისრებათ და მეტს არავის. ამიტომ ერთადერთი სწორი სტრატეგია არის ბრძოლა ქართული ოცნების მიერ არჩევნებისა და სახელმწიფოს მიტაცების წინააღმდეგ და სხვა არაფერი. პარლამენტთან ჩვენი მრავალრიცხოვანი შეკრებაც ამ ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპია და ამიტომ ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ!” – წერს სოციალურ ქსელში ლევან ცუცქირიძე.