ლევან ცუცქირიძე – „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, როგორც რუსთაველზე, ისე სხვა ქალაქებში

ერთი წლის თავზე როგორც ვხედავთ, საზოგადოება ჩამოყალიბდა, როგორც მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეუძლია კონსტიტუციის, იდეის დასაცავად იბრძოლოს, – ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ “ინტერპრესნიუსს” საპროტესტო აქციის მსვლელობისას განუცხადა.
კითხვაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ერთი წლის წინ გაკეთებულმა განცხადებამ, რა შედეგები მოუტანა ქვეყანას და რა გამოწვევების წინაშე დააყენა ის, ცუცქირიძე პასუხობს, რომ აღნიშნულმა ქვეყანას სრული იზოლაცია მოუტანა.
“ეს იყო პირდაპირი განცხადება იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” ურჩევნია ქვეყანა იყოს იზოლირებული, მეგობრებისგან მიტოვებული, რათა უფრო ადვილად ჩაიგდოს ხელში და ბოლომდე გამოწუროს საკუთარი კორუფციული მიზნებისთვის. “ქართულ ოცნებას” მეტი არაფერი აინტერესებს, მათ მხოლოდ ფული და ძალაუფლება აინტერესებთ”. ერთი წლის თავზე როგორც ვხედავთ, საზოგადოება ჩამოყალიბდა, როგორც მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეუძლია კონსტიტუციის, იდეის დასაცავად იბრძოლოს და რომელსაც არ სჭირდება ბელადები. მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლებას ჯერ კიდევ ინარჩუნებს კორუმპირებული და ავტოკრატიული ორგანიზაცია “ქართული ოცნება”, ქართული საზოგადოება მისგან სრულიად საპირისპიროა, ის დემოკრატიული, მრავალფეროვანი და მებრძოლი საზოგადოებაა”,- განაცხადა ცუცქირიძემ.
კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება პროტესტი გაგრძელდეს, ცუცქირიძე პასუხობს, რომ “პროტესტი უნდა გაგრძელდეს, როგორც რუსთაველზე, ისე სხვა ქალაქებში”.
“ამ პროტესტმა მოიტანა პირველ რიგში, ჩვენი შეკავშირება, ჩამოყალიბება სოლიდარულ და მებრძოლ საზოგადოებად, როგორც უკვე ვთქვი, მაგრამ როგორც ვთქვი, “ქართულ ოცნებას” სრულიად აქვს ლეგიტიმაცია დაკარგული, მას აღარ აქვს აღარც დემოკრატიული ლეგიტიმაცია, აღარც საერთაშორისო და აღარც მორალური ლეგიტიმაცია აღარ აქვს, ამიტომ ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს, როგორც რუსთაველზე, ისე სხვაგან, სხვა ქალაქებში. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა მოვიმხროთ ამ პროტესტში. ამ რეჟიმს აღარაფერი დარჩა, რაც მას ამაგრებს შიშია, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ეს პროტესტი, ეს გმირული ბრძოლა, სწორედ ამ შიშს ამსხვრევს, საბოლოოდ ეს შიში გატყდება ყველგან”,- განაცხადა ცუცქირიძემ.
ცუცქირიძის თქმით, დღეს პროტესტში მყოფ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე განსხვავება, მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს, დაანაწევროს.
“ქართული ოცნება” საზოგადოებაში კედლების აშენებას ცდილობს, ის ცდილობს დაგვანაწევროს, თქვას – პოლიტიკოსები ცალკე არიან, ხალხი ცალკეა, არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ჟურნალისტები ცალკე არიან. სწორედ ესაა საფრთხე, ხაფანგი, ჩვენ, პოლიტიკოსებიც, არასამთავრობოებიც, აქტივისტებიც, ყველანი ერთი საზოგადოების წევრები ვართ და მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე განსხვავება, ეს უნდა დავინახოთ და “ქართულ ოცნებას” ამ პროპაგანდაში გამარჯვების საშუალება არ უნდა მივცეთ”,- განაცხადა ცუცქირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო უწყება – ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ – უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ

ევროკომისიის სპიკერი – ვნახეთ ამბები უკრაინაში დღევანდელი ჩხრეკების და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ – ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას