ლევან ცუცქირიძე – „ქართული ოცნება“ დგას ბოროტების სამ ბურჯზე – ეს არის მოსყიდვა, ძალადობა და სიცრუე-პროპაგანდა, რაზეც დიდი ხანი ვერ გაძლებენ – ომში ვართ და უნდა ვუპასუხოთ მორალური უპირატესობით, შემართებით და სიმტკიცით

ძალიან მძიმე, ხანგრძლივ ბრძოლაში ვართ, რომელშიც ზუსტად ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ ამ ბრძოლის შედეგად ის პარტია, რომელიც ყველაზე მეტად ანგრევს ამ ქვეყნის საფუძველს, იძულებული იყოს ხელისუფლებიდან წავიდეს – ომში, ბრძოლაში ვართ და ძალიან უპასუხისმგებლო, უხეში ძალა გვიპირისპირდება, ამას უნდა ვუპასუხოთ ჩვენი მორალური უპირატესობით, შემართებით და სიმტკიცით, – ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, ეს „ბრძოლა მოთმინებითა და დიდი ძალისხმევით უნდა გავიაროთ“.
„ჩვენ [ოპოზიციას] გარკვეულ საკითხებზე კოორდინაცია სხვადასხვა ფორმატში გვაქვს, მაგრამ არა ისე, რომ ყოველდღიურად ერთი მაგიდის გარშემო ვისხდეთ. ვსაუბრობთ, ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რაც საერთო საგანს წარმოადგენს. მე ვეთანხმები იმას, რომ ჩვენ ძალიან მძიმე ბრძოლაში ვართ, ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა, რომელიც ჩვენ მოთმინებითა და დიდი ძალისხმევით უნდა გავიაროთ. უნდა მოვემზადოთ ბრძოლისთვის, უნდა მოვემზადოთ შემართებით. უნდა ვიცოდეთ, რომ რაღაც ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება. ჩვენ წინააღმდეგ შეიძლება კვლავ იყოს ხიფათი, ფიზიკური თუ სხვა. ამასთან გასამკლავებლად უნდა ვიყოთ ყოველთვის მზად, მაგრამ ეს ჩვენი ბრძოლა უნდა იყოს ყოველთვის არაძალადობრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური თავისი ხასიათით. ჩვენ ამ ბრძოლაში ზუსტად ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ ამ ბრძოლის შედეგად მინიმალური ზიანი მიღოს სამოქალაქო საზოგადოებამ, საქართველომ, როგორც სახელმწიფომ. ამასთან, ის პარტია, რომელიც ყველაზე მეტად ანგრევს ამ ქვეყნის საფუძველს, იძულებული იყოს წავიდეს ხელისუფლებიდან. კი, ომში, ბრძოლაში ვართ და ძალიან უპასუხისმგებლო, უხეში ძალა გვიპირისპირდება. ამას უნდა ვუპასუხოთ ჩვენი მორალური უპირატესობით, შემართებით და სიმტკიცით. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, ეს გზა უნდა გავაგრძელოთ მოთმინებით და თანმიმდევრულად. რაც უფრო ძლიერი და მასშტაბური იქნება პროტესტი და წინააღმდეგობა, მით უკეთესი. ამაზე უნდა მუშაობდეს პოლიტიკური საზოგადოებაც.
„ქართული ოცნება“ თუ ფიქრობს, რომ გვაშინებს იმით, რომ რაღაცები დაგვემუქრება, იმ ხალხმა, ვინც ბრძოლაში შევედით, უკვე ვიცით, რა რისკების წინაშე ვართ. ნებისმიერ რამეზე შეიძლება მოგედავონ, ჰაერიდან გამოწოვილი ბრალდებებით აპატიმრებენ ადამიანებს და ეს ახალი არ არის.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ნუ თამაშობენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების როლს. ისინი არ არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები. სახელმწიფოს ბედი მართლა რომ აღელვებდეთ, დღეს საქართველო სამწუხაროდ, ასეთი ღარიბი, ეკონომიკურად ასეთი ჩამორჩენილი, სანქცირებული და იზოლირებული სახელმწიფო არ იქნებოდა. არამედ იქნებოდა, ეკონომიკურად განვითარების, ადამიანების გამდიდრების, უსაფრთხოების ზრდის, ტერიტორიული გამთლიანებისა და გაძლიერების გზაზე. „ქართულმა ოცნებამ“, ვინაიდან სახელმწიფო არ აინტერესებს, არამედ საკუთარი ჯიბე და საკუთარი კეთილდღეობა, ყველაფერი ანაცვალა ამას – ც, ევროპული მომავალიც, თავისუფლებაც, დემოკრატიაც და გვითხრა, რომ მე სახელმწიფო არ მანაღვლებს, ჩემთვის მთავარია ს გადაწყვეტილებები, რომლებსაც უპირობოდ დავემორჩილები და შევასრულებ. „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო რომ ანაღვლებდეს, ის არ გვეტყოდა, რომ მშვიდობის, განვითარების და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში ერთი ადამიანია – ბიძინა ივანიშვილი. ამას სულ იმეორებენ, მონოტორულად, რობოტს რომ დააპროგრამებ და ერთი და იმავეს იძახის“,- აღნიშნა ცუცქირიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს პოლიტიკური გზით განიმუხტოს ის კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არსებობს“.
„მას ზურგს აღარ უმაგრებს არც დემოკრატიული ლეგიტიმაცია, არც საერთაშორისო ლეგიტიმაცია და აღარც მორალური ლეგიტიმაცია. ისინი დგანან ბოროტების სამ ბურჯზე – ეს არის მოსყიდვა, ძალადობა და სიცრუე და პროპაგანდა. ამაზე ისინი დიდი ხანი ვერ გაძლებენ“,- აღნიშნა ცუცქირიძემ.
ამასთან, ცუცქირიძემ ისაუბრა ოპოზიციური პარტიების მიმართ ხალხის ნდობისა და მხარდაჭერის პრობლემის საკითხზეც. მისი თქმით, მას „კრიტიკის“ ესმის.
„დღეს საქართველო ისეთ მდგომარეობაშია და ისეთი სასიცოცხლო კრიზისის წინაშე ვდგავართ, რომ თუ ვინმე ხედავს ამ კრიზისს და თან იცის, როგორ შეიძლება უკეთესად რამის გაკეთება და ამას არ აკეთებს, მაშინ ძალიან დიდი ბოდიში და შეუძლია, ეს პრეტენზიები საკუთარ თავს მოუყვეს ხოლმე. თუ ვინმეს აქვს კარგი რჩევა, მაგალითად, როგორ შეიძლება პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ უფრო უკეთ დაიბრუნოს ხალხის მხარდაჭერა, გვითხრას და გვაჩვენოს, შემოვიდეს ჩვენს პარტიაში, კარი ღიაა. საერთოდ რომ გვყავს პოლიტიკური პარტიები გასაკვირი არ არის? ასე პრეტენზიები შეიძლება ნებისმიერ სხვა სექტორის მიმართ მქონდეს“, – აღნიშნა ცუცქირიძემ.
როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, მას სწამს, რომ „მეტ-ნაკლებად კონკურენტულ პირობებში „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური პარტიები ნებისმიერ არჩევნებში მოუგებს.
გარდა ამისა, ლევან ცუცქირიძემ ისაუბრა 9 მაისს დაგეგმილ აქციაზეც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია „ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება“.
„9 მაისი იქნება ეს თუ სხვა მნიშვნელოვანი თარიღი, ყოველთვის უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება, რომ ჩვენ ვართ ძალიან ბევრი, რომ ძალა, ლეგიტიმაცია, სამართლიანობა არის ხალხის მხარეს, ხოლო „ქართული ოცნება“ არის იზოლირებული, უკვე პატარა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ძალადობით, ტყუილით და მოქრთამვით ახერხებს ძალაუფლების იმ ბერკეტების შენარჩუნებას, რომლებიც მას ჯერ კიდევ გააჩნია“,- აღნიშნა ცუცქირიძემ.