ლევან ცუცქირიძე – უნდა შეიქმნას პარალელური, დემოკრატიული სივრცეები და ვაჩვენოთ, როგორი უნდა იყოს სასამართლო, საკრებულო – მნიშვნელოვანია ალტერნატიული სასამართლო პროცესების მოწყობა, მათ შორის რუსთაველის გამზირზე

მოქალაქეებს შეეძლებათ სრული ინფორმაცია მიიღონ ჩვენს გეგმებზე, უახლოეს ღონისძიებებზე და ყველაფერზე, რასაც ვაპირებთ – მონაწილეობა მიიღონ იმ მნიშვნელოვან დისკუსიებსა და გადაწყვეტილებებში, რომლებსაც ჩვენ საზოგადოებას, მათ შორის, საჯარო ფორმით შევთავაზებთ, – ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმი“ 8 ოპოზიციური პარტიის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც რეგიონებში „წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას“ გულისხმობს.
მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის წარმოქმნილი გაუცხოება უნდა დაიძლიოს.
„დღეს ჩვენ ისეთ ვითარებაში ვართ, როცა იმ ამოცანებს, რომლის მიღწევაც გვინდა და იმ პრობლემების გადალახვას, რომელიც ქვეყანას აქვს, სჭირდება უფრო მეტი ძალისხმევა, ვიდრე აქამდე ვწევდით. ვფიქრობ, ბევრი ადამიანია საქართველოში, რომელიც ეძებს შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში, რომ საქართველოში გადარჩეს ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი. ამიტომ, ამის საშუალებით ეს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო ორგანიზებულად ჩვენს საერთო მოქმედებებში ჩაერთონ. გაუცხოება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის წარმოიშვა, უნდა დაიძლიოს და უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ ვართ ერთი ქსოვილის ნაწილი – პოლიტიკური პარტიები და მოქალაქეები ვართ არა განსხვავებული სამყაროდან მოვლენილი ორგანიზაციები ან არსებები, არამედ ერთი საზოგადოების წევრები და ერთად უნდა ვიმოქმედოთ.
ეს ე.წ ადგილობრივი ჩემთვის არანაირ ნიშნულს არ წარმოადგენს. ეს ნიშნულს მათთვის წარმოადგენს, ვინც ამ ღონისძიებაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი წინააღმდეგობა გრძელდება იმის დამოუკიდებლად, რა მოხდება იქ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, შეიქმნას პარალელური, ალტერნატიული, დემოკრატიული სივრცეები და პოლიტიკური პროცესები იმისთვის, რომ ადამიანებმა თავიანთი ადგილი იპოვონ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში“,- განაცხადა ცუცქირიძემ.
როგორც ცუცქირიძემ განმარტა, საზოგადოების ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია პარტიებმა აჩვენონ, როგორი უნდა იყოს ალტერნატიული სასამართლო, საკრებულო და რა საკითხებზე უნდა მუშაობდნენ იქ.
„ჩვენი – პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი მოვალეობა ისიც არის, რომ მოქალაქეების პოლიტიკურ გააქტიურებას ხელი შევუწყოთ. მათ შორის, საპროტესტო ღონისძიებების ორგანიზებით და პარალელური, ალტერნატიული, დემოკრატიული პროცესის შექმნით… ამ ეტაპზე ეს „თავისუფლების მოედნის“ მოსაზრებაა და ვნახოთ სხვები გაიზიარებენ თუ არა, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამ წინააღმდეგობაში მონაწილე საზოგადოების წარმომადგენლებიც ავირჩიოთ. გვყავდეს ჩვენი წარმომადგენლობები, რომლებიც ამ ბრძოლაში კიდევ უფრო ეფექტურად და ორგანიზებულად ჩაერთვებიან. საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ როგორც გამოიყურება ის ალტერნატივა, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. მათ შორის, ეს გულისხმობს იმ ალტერნატიული მოდელების შემუშავებას და საზოგადოებისთვის წარდგენას, რომელიც ამ ქვეყანაში უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას – მაგალითად, როგორ გამოიყურება სამართლიანი სასამართლო. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ალტერნატიული სასამართლო პროცესების მოწყობა და ჩვენება. არამხოლოდ რუსთაველის გამზირზე, არამედ სხვაგანაც. ჩვენ ბევრი პატიოსანი ყოფილი მოსამართლე, კვალიფიციური იურისტები, მეცნიერები და სამართალმცოდნეები გვყავს. ეს ერთი მაგალითია, თუმცა პრინციპი არის ის, რომ ყველა ინსტიტუტი, რომელიც გვაქვს, „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა. ჩვენ ხალხს უნდა ვაჩვენოთ, როგორი უნდა იყოს ალტერნატიული სასამართლო, საკრებულო, რას საკითხებზე უნდა მუშაობდნენ და სხვ. ჩვენ ახლავე უნდა ვაჩვენოთ ის საქართველო, რომლისთვისაც ვიბრძვით “, – აღნიშნა ლევან ცუცქირიძემ.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ განსხვავებულმა პოლიტიკურმა ბრძოლამ და მშვიდობიანმა, თანმიმდევრულმა, არაძალადობრივმა პროტესტმა დაასუსტა.
„ამიტომ მოხვდა ის სანქციებში, ამიტომ აქვთ შიგნით არეულობა, დაერივნენ ერთმანეთს და ამიტომ არიან დღეს ბევრად უფრო სუსტები, ვიდრე ოდესმე იყვნენ. ამიტომ, საერთოდ არ ვაპირებ, შეიცვალოს ის სტრატეგია რომელმაც მნიშვნელოვანი შედეგები მოგვიტანა. ჩვენი გამარჯვების საწინდარი ჩვენს თანმიმდევრულობაშია. მძიმე ბრძოლაა, თუმცა ამ ბრძოლამ გააძლიერა ჩვენი წინააღმდეგობა და გაგვაძლებინა აქამდე. „ქართული ოცნების“ მხარეს რომ კითხო ერთ მუშტად შეკრული გუნდია, რომლის შიგნითაც ტყვიებს ესვრიან ერთმანეთს და გუშინდელი ძმაკაცები დღეს ერთმანეთს „ფეისბუქიდან“ შლიან, რომ ვინმემ არ დაინახოს“, – აღნიშნა ცუცქირიძემ.
კითხვაზე, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე „ლელო ძლიერ საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიებს შეეხებოდა, ცუცქირიძემ უპასუხა, რომ ეს დიდი პოლიტიკური შეცდომაა.
„ვწუხვარ, რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. არასდროს არ არის გვიან არასწორი გადაწყვეტილების შეცვლა. რამდენად სწორი იყო მათი გადაწყვეტილება, ეს ამ ე.წ არჩევნების მეორე დღეს გამოჩნდება. ჩემი აზრით, ეს დიდი პოლიტიკური შეცდომაა. „ქართულ ოცნებას“ მის თამი შეყოლით ვერ ვაჯობებთ. მათ თავისი თამაშის წესებით კი არ უნდა დაუპირისპირდე, არამედ ასიმეტრიული და განსხვავებული თამაშის წესებით უნდა დაუპირისპირდე“, – განმარტა ლევან ცუცქირიძემ.