ლევან ცუცქირიძე: სწორედ ამ, ელემენტარული და ყველაზე პრაგმატული, საბაზისო განმარტებითაც კი, საქართველოს საფრთხეში აგდებს ივანიშვილის პარტია

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერი ლევან ცუცქირიძე:
დღეს ენქორიჯში, ალასკას შტატში, ტრამპისა და პუტინის სამიტი დასრულდა – კონკრეტული შეთანხმების გარეშე. ომის დამნაშავისთვის წითელი ხალიჩის გაშლა და მისი პომპეზურად დახვედრა არ იყო სასიამოვნო სანახავი, მაგრამ ეს არ ცვლის შედეგს – რაიმე კონკრეტული შეთანხმების მიუღწევლობას. რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ ტრამპისთვის ნათელია ფუნდამენტური და ძალიან ცხადი, ელემენტარული ამერიკული ეროვნული ინტერესი: არ დაუშვას მისი მეტოქის – ს გაძლიერება მისი მოკავშირეების განადგურებისა და დასუსტების ხარჯზე და არ დაუთმოს რუსეთს კონტროლი ამერიკისათვის მნიშვნელოვან უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგეტიკული ინტერესების კვანძებზე.
და მაინც, რას ნიშნავს “ეროვნული ინტერესი,” რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ? ცნობილმა ამერიკელმა სწავლულმა, ალფრედ თეიერ მეჰენმა ერთ-ერთმა პირველმა განმარტა: “ეროვნული ინტერესი” ეს არის დამოუკიდებლობის, მოქმედების თავისუფლების შენარჩუნება, კეთილდღეობის მიღწევა და დაცვა. “თავისუფლება” მისთვის იყო არა ზოგადი ლოზუნგი, არამედ ძალიან კონკრეტული რამ: მოქმედების თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ძლიერებით მიიღწევა. მისი აზრით, სახელმწიფოს ნებისმიერი ნაბიჯი სწორედ ამ ფუნდამენტური ეროვნული ინტერესით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული.
სწორედ ამ, ელემენტარული და ყველაზე პრაგმატული, საბაზისო განმარტებითაც კი, საქართველოს საფრთხეში აგდებს ივანიშვილის პარტია:
– ის ქვეყანას იზოლაციაში აქცევს, ამით უკიდურესად ზღუდავს ჩვენი მოქმედების თავისუფლებას და ჩვენს დამოუკიდებლობას რუსეთის ანუ მტრული სახელმწიფოს (!) კეთილ ნებაზე დამოკიდებულად ხდის;
– სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ, სამოქალაქო, ეკონომიკურ თუ სამხედრო ძლიერებას უნდა ქმნიდნენ, კორუფციამ შეჭამა და მათ ანგარიშვალდებული საჯარო მოხელეებისა და დემოკრატიულად არჩეული პოლიტიკოსების ნაცვლად, სანქცირებული დამნაშავეები და ხშირად ქუჩის კრიმინალები აკონტროლებენ.
– იზოლაციის და სახელმწიფო ინსტიტუტების გახრწნის შედეგად, სუსტდება ჩვენი ქვეყანა. ეს მიგვიყვანს ჯერ პოლიტიკური და ეკონომიკური არჩევანების უკიდურესად შემცირებამდე, შემდეგ კი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაკარგვამდე.
თავისუფლების დაცვა პროპაგანდით არ ხდება. თავისუფლებას იცავენ ძლიერი ინსტიტუტებით, თავისუფალი მოქმედების უნარითა და შესაძლებლობით. რუსეთისადმი საქართველოს დამორჩილებით ქვეყანა დაკარგავს მეგობრებს, საერთაშორისო მნიშვნელობას და არჩევანის თავისუფლებას – ეს კი იგივეა, რაც უარის თქმა დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე.
სწორედ აქედან გამომდინარე ვამტკიცებთ, როცა ვამბობთ, რომ ოცნება ეროვნულ ინტერესებს ღალატობს და არა იმიტომ, ეს მწარე სიტყვებია, რომლებიც ვინმეს გულზე მოხვდება.
დღეს ეროვნულ ინტერესების სამსახური დემოკრატიულ წინააღმდეგობაშია: ოცნების ძალაუფლებიდან ჩამოცილება არა ჩემი პირადი ან პარტიული ინტერესია, არამედ ესაა საერთო ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ღირსებისთვის. მხოლოდ ძლიერებითა და არჩევანის თავისუფლებით შეგვეძლება დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება. მხოლოდ თავისუფალ ქვეყანაში შეგვეძლება შევქმნათ ქვეყანა, სადაც ნებისმიერი მოქალაქე იპოვის სამართალს, სადაც მთავრობა ანგარიშს ხალხს ჩააბარებს და სადაც ეკონომიკური სიკეთე ყველასათვის და არა ერთეულებისთვის შეიქმნება.