რეორგანიზაციის ტალღა არის პასუხი იმ კრიზისზე, რომელიც მმართველ პარტიას გაუჩნდა. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა მთავრობა, რომლის დროსაც სისტემის შიგნით ამ მასშტაბის აჯანყება ყოფილიყო და ამდენი დიპლომატი არავის არ დაუკარგავს. მათ დიდი კრიზისი აქვთ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ, საჯარო სექტორში დაწყებულ რეორგანიზაციებთან დაკავშირებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დახურვა ტრაგიკული ნაბიჯია.
„ძალიან ტრაგიკული და კომიკურია პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია. ამ უწყების საქმე არის კრიტიკული ანალიზის მიწოდება პარლამენტისთვის. ადამიანებს ათავისუფლებენ იმისთვის, რისთვისაც არიან სამსახურში დაქირავებულები. პარლამენტის მოვალეობაა კონსტიტუციისა და კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების დაცვა. ეს ადამიანები, რომლებიც ამბობენ – „პარლამენტო, ძვირფასო ხელმძღვანელობავ, თქვენ გადაუხვიეთ თქვენს მიზანს და ასე კი არა, ასე უნდა მოიქცეთ“ – ეს მათი მოვალეობაა და ამის გამო ათავისუფლებენ. მამუკა მდინარაძე ცდილობს, რომ ეს სიტუაცია გაყიდონ ასე – „ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვართ ქართველი ხალხი“, ასე არ არის და ვერც იქნება. ვერცერთი პარტია ვერ იქნება მთლიანი მოსახლეობის ინტერესების გამომხატველი. რეორგანიზაციების ტალღა არის პასუხი იმ კრიზისზე, რომელიც მმართველ პარტიას გაუჩნდა. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა მთავრობა, რომლის დროსაც სისტემის შიგნით ამ მასშტაბის აჯანყება ყოფილიყო და ამდენი დიპლომატი არავის არ დაუკარგავს. ყველა საჯარო მოხელეს მოვუწოდებ, გააგრძელონ თავიანთი საქმე, ჩვენ პატრიოტები გვჭირდება საჯარო სამსახურებში. ყველა იმ საჯარო მოხელემ, რომელიც სამშობლოს სიყვარულის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, უნდა მიიღონ კომპენსაცია და მათი უფლებამოსილება უნდა აღდგეს, მანამდე კი სანამ ხელისუფლება შეიცვლება, უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ ის ლიმიტირებული რესურსები, რაც გვაქვს“,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
ასევე, ლევან ცუცქირიძე ოპოზიციური პარტიების მიერ საერთო საარჩევნო დოკუმენტზე მუშაობის პროცესსაც შეეხო და განაცხადა, რომ დოკუმენტში, რომელზეც მუშაობენ, მკაფიოდ გაწერილია, თუ რა კონკრეტული პრინციპებით უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. მისი თქმით, ეს არის ახალი და დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია, ხმის ფარულობა და სახელმწიფო სტრუქტურების ჩაურევლობა საარჩევნო პროცესში.
“ამ დოკუმენტში არის გარკვეული პრინციპები, რომელიც გარანტირებულად უნდა იყოს დაცული რომ არ მივიღოთ, რაც წინა არჩევნებზე მივიღეთ. მნიშვნელოვანია, ოპოზიციაზე, სამოქალაქო მოძრაობებზე დევნა შეწყდეს. ასევე მნიშვნელოვანია, ძლიერი სადამკვირვებლო მისია.
თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა დამოკიდებული იქნება შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. [რაც შეეხება ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს], არაფერია გამორიცხული, ჯერ წინ არის პროცესები.
„ქართული ოცნება“ ახლა საერთოდ სხვა ფაზაშია – საკუთარი პოლიტიკური ცხოვრების დასასრულის ფაზაში. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ხომ ხედავენ, რომ ქვეყანაში კრიზისია, ხომ იციან, რომ სანქციები მათაც დააზიანებს, ამიტომ ახალი არჩევნები არის საუკეთესო გადაწყვეტილება. თუ ამდენი ხმა მიიღეს, ახალი არჩევნების რატომ ეშინიათ? ჩაატარონ სამართლიანად და გაიმარჯვონ, თუ რამის თავი აქვთ და მერე დასრულდება მათ წინააღმდეგ პროტესტიც, იზოლაციაც და სანქციებიც. შემდეგ კი იდეისთვის ამაყად გააგრძელონ ბრძოლა, მაგრამ მათ ეს არ შეუძლიათ, რადგან გაბანკროტებული ძალაა“,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
პოლიტიკოსმა, ასევე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ხელისუფლება ქუჩაში თავების რაოდენობას არ უნდა თვლიდეს, რადგან ერთი ადამიანის ხმაც მნიშვნელოვანია.
„თუნდაც ერთი ადამიანი რომ იდეს ქუჩაში, ხელისუფლებისთვის ამ ადამიანის ხმაც ღირებული უნდა იყოს. ხელისუფლების წარმომადგენელს უნდა შეეძლოს ქუჩაში გამოსვლა. თავების თვლა ღირსეული საქციელი არ არის. პროტესტი არის ჩვენი არაძალადობრივი ბრძოლის ერთი მიმართულება და არა ერთადერთი. ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ საქმის ხარისხიც მნიშვნელოვანია. უფრო მეტმა ადამიანმა უნდა დაინახოს, თუ რას აშავებს ხელისუფლება. გარკვეულმა ნაწილმა საზოგადოებისა დაიჯერა ხელისუფლების პროპაგანდა, რომ თუ დემოკრატიული ცვლილება მოხდება, ქვეყანაში ომი დაიწყება, რომ „გლობალური ომის პარტია“ არსებობს, რომ არსებობს რაღაც ჩრდილოვანი მსოფლიო მმართველობა, რომელიც ყველა ქვეყნის მომავალს წყვეტს და თურმე „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი, მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე დარჩნენ, რომლებიც მთელი მსოფლიოს გავლენიანი ჯგუფების წინააღმდეგ მედგრად იბრძვიან. ჩვენ ამ ტიპის ხალთანაც უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ შეიძლება პოლიტიკური მტრები ვიყოთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური მტრები ვერ ვიქნებით. ეს პროტესტი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობაა, რომელიც გაერთიანებული არ არის რომელიმე პოლიტიკური ლიდერისა თუ ძალის გარშემო“,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
