„ქართულ ოცნებას” ეშინია სიმართლის და იმის, რაც აუცილებლად მოხდება, ანუ სამართლიანობის აღდგენის,- ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის” ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ადამიანებს, რომლებიც საჯარო სამსახურში იქნებიან, უნდა იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება” მათზე დაიწყებს ხელების შეწმენდას”.
„მე მახსენდება როგორი ბედნიერი იყო „ქართული ოცნება”, როდესაც ევროპარლამენტი წინა მთავრობას ჩადენილი უსამართლობების გამო სამართლიანად აკრიტიკებდა. მაშინ ამ ხალხს საერთოდ არ ახსენდებოდა, ეთქვათ: „აი, ვიღაც ერევა საქართველოს საქმეებში“. პირიქით, იყვნენ მადლიერები და ბედნიერები, ამიტომ ჩვეულებრივი პირფერობაა, რომ ახლა ვიღაც ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა. რაც შეეხება „მოსკოვის მექანიზმსა“ და მის დასკვნას, ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამ დასკვნას ჩალის ფასი აქვს, როგორც კი ეს დასკვნა გამოქვეყნდა, თქვეს რომ „ჩალის ფასი კი აქვს, მაგრამ ვუპასუხებთ”, რამდენიმე დღის მერე თქვეს, რომ სიცრუეები წერია, მაგრამ ასევე სიმართლეც წერია და დღეს კობახიძე გამოდის და ამბობს რომ „იქო მართლა არის ისეთი რამეები ნათქვამიო, რასაც ჩვენი ყურადღება ჭირდებაო, მათ შორის ძალადობასა და დანაშაულებზეო”- ხვალ კიდევ რაღაცებს იტყვის და საბოლოოდ ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა. მინდა ვუთხრა საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების” პროპაგანდის სამსახურში დგანან, ადამიანებს, ვინც საჯარო სამსახურში იქნებიან, უნდა იცოდნენ, რომ “ქართული ოცნება” მათზე დაიწყებს ხელების შეწმენდას. ამიტომ ნუ გაჰყვებიან “ოცნებას” ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალ გზაზე. „ქართულ ოცნებას” ეშინია სიმართლის და იმის რაც აუცილებლად მოხდება, ანუ სამართლიანობის აღდგენის. მტყუანი ადამიანი ვერ გამართლდება, შეიძლება სიმართლეს დრო დასჭირდეს, იმისთვის რომ თავის საწადელს მიაღწიოს, მაგრამ სიმართლე აუცილებლად გაირკვევა”,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.




