ლევან ცუცქირიძე – ირანის ელჩს მივმართავ, მუქარებს არ ვიღებთ და არასდროს მივიღებთ – რაც შეეხება “ოპოზიციური ალიანსის” აშშ-ში ვიზიტზე “ოცნების” რეაქციას, ჯერ არსად წავსულვართ და უკვე რა მუხლების კანკალი აუტყდათ

შეხედეთ განსხვავებას, გამოდის ირანის ელჩი, გვემუქრება და მერე კიდევ, თავისი ფეხით მიდის, რომ თითი დაუქნიოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ხოლო ევროკავშირის ელჩებს პანტა-პუნტით იბარებენ სამინისტროში, – ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ლევან ცუცქირიძის თქმით, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ირანისა და ევროპელი ქვეყნის ელჩების მიმართ განსხვავებულია იმიტომ, რომ მათი მსოფლმხედველობა რუსეთისა და ირანის რეჟიმების მსგავსია.

„ირანის ელჩის დაბარებაც ვერ გაბედეს და გერმანიის ელჩს იბარებენ იმის გამო, რომ იტყვის: „ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს“. შეხედეთ განსხვავებას, გამოდის ირანის ელჩი, გვემუქრება და მერე კიდევ თავისი ფეხით მიდის, რომ იქ თითი დაუქნიოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და ევროკავშირის ელჩებს პანტა-პუნტით იბარებენ სამინისტროში იმიტომ, რომ საყვედური უთხრან: „დემოკრატიაზე რატომ ლაპარაკობ და რატომ ლაპარაკობ იმაზე, რომ საქართველომ ევროპული გზა უნდა გააგრძელოს“.

გეტყვით, ეს რატომ ხდება, „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ პრაგმატული მოსაზრების გამო დგამს რაღაც ნაბიჯებს, რომ დაახლოვდეს რუსეთთან ან იმ რეჟიმთან, რომელიც დღეს ირანშია, არამედ მათი მსოფლმხედველობაც ასეთია. მათ სძულთ ყველაფერი დემოკრატიული, მათთვის მიუღებელია პლურალიზმი“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ლევან ცუცქირიძის თქმით, თუ ირანის ელჩის განცხადება არ ეკუთვნოდა საქართველოს და სხვა რამეს გულისხმობდა, მაშინ მან ნათლად უნდა განმარტოს.

„რაც შეეხება ირანის ელჩს, „ქართულ ოცნებას“ იმის თავიც არ აღმოაჩნდა, რომ ირანის ელჩის განცხადებისთვის შესაბამისად ეპასუხა. რას ნიშნავს, რომ ის საქართველოს არ გულისხმობდა? ის ელჩი არის საქართველოში და არა ალბანეთში, აფრიკაში ან მექსიკაში. როდესაც ირანის ელჩი საუბრობს და წერს ოფიციალურ განცხადებას თავის გვერდზე, ის საუბრობს როგორც ირანის ელჩი საქართველოში და არა აბსტრაქტულ ქვეყანაში. მე მინდა, მივმართო მას და ვუთხრა, რომ ასეთ მუქარებს ჩვენ არ ვიღებთ და არ მივიღებთ არასდროს. თუ რაიმე გაუგებრობაა, თუ არ ეკუთვნოდა ეს განცხადება საქართველოს და სხვა რამეს გულისხმობდა, მაშინ მან ეს ზუსტად ისეთივე ფორმით და ნათლად უნდა განმარტოს, როგორც დაწერა ის განცხადება თავის დროზე. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, აქ არის ელჩი, რომელსაც სურს კეთილმეზობლური ურთიერთობა თუ აქ არის ელჩი, რომელიც გვემუქრება. ამის მოთხოვნის თავი თუ არ აქვს „ქართულ ოცნებას“ მე ჩემს საქმეს გავაკეთებ და ჩემი მოთხოვნა იქნება ეს, რომ ამ ადამიანმა უნდა განმარტოს თავისი განცხადება რას ნიშნავდა“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

გარდა საგარეო პოლიტიკსა, ლევან ცუცქირიძემ გადაცემაში ისაუბრა „ოპოზიციური ალიანსის“ გეგმებზე, კერძოდ, ვიზიტზე, რომელსაც ოპოზიცია შეერთებულ შტატებში გეგმავს და გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს, რომ „ოპოზიცია უცხო ქვეყნების ინტერესებს“ ასრულებს.

„რომელ უცხო ქვეყანაზე ლაპარაკობენ, რომლის სახელმწიფო მდივნის ზარმაც აღაფრთოვანა „ქართული ოცნება“? ჯერ არავინ არსად წავსულვართ და უკვე რა მუხლების კანკალი აუტყდათ. მეორეც, მაგათ არავინ ეკითხება, სად წავალთ და როდის. მესამე, არ მინდა წინასწარ მოლოდინების შექმნა ვიზიტთან დაკავშირებით, მე და „თავისუფლების მოედანს“ გვჯერა, რომ საერთაშორისო ამბები და დიპლომატია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყნის ბედი წყდება აქ, ჩვენს ქალაქებში და სოფლებში“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.