პარტია „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროსაბჭო თავად დატოვოს, სანამ დელეგაციას უფლებამოსილება შეუწყდება და როგორც ამბობს, ეს იქნება განაცხადი, რომ „რუსულ სამყაროში ვბრუნდებით“.
ცუცქირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა, რომლითაც ასამბლეამ „ქართულ ოცნებას“, 7 აპრილამდე, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაავალა.
„საქართველო დგას ისტორიული კატასტროფის წინაშე. ჩვენ შეიძლება დავკარგოთ დემოკრატია, თავისუფლება, რეალური მშვიდობა და ევროპულ სივრცესთან წვდომა. ახლა „ოცნების“ ამოცანაა, ვილაპარაკოთ ვითომ იმ რაღაც გამოძიებაზე, რომელსაც ისინი აწარმოებენ და არ ვისაუბროთ იმაზე, რომ რეალურად საქართველოს სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება.
პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკოსებისთვის. პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხების შემოტანა არის ჩვენი ვალდებულება და საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ ის სპექტაკლი კი არ არის მთავარი, რასაც „ოცნება“ დგამს, არამედ ის, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება. ასევე ის, რომ საქართველო შეიძლება საბოლოოდ და ოფიციალურად ჩამოსცილდეს ევროპულ სივრცეს. ევროსაბჭოში გაწევრიანება იყო საქართველოს ისტორიული მიღწევა, დემოკრატიის, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ევროსაბჭომ „ქართულ ოცნებას“ დაავალა, საგაზაფხულო სესიამდე მიეღო მთელი რიგი ზომები, მათ შორის გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები, შეეწყვიტა რეპრესიები, დაესაჯა ადამიანები, ვინც ძალადობას სჩადიოდნენ, მიეცა მედიისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ნორმალური მუშაობის საშუალება და უახლოეს თვეებში ჩაენიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები. ქართულ დელეგაციას ევროსაბჭოში ახლა აქვს მხოლოდ შეზღუდული მანდატი მინიჭებული. 7 აპრილს იხსნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ის ხალხი მოიკითხავს, აბა, რა გააკეთეთო. „ქართული ოცნების“ პასუხი, რა თქმა უნდა, ცნობილია. ყველა სცენარი შეიძლება განვითარდეს. ის, რომ შესაძლოა სრულიად შეუწყვიტონ დელეგაციას მანდატი, ჩემთვის რეალისტურია, მაგრამ ამის ფონზე არ გამოვრიცხავ, რომ „ქართული ოცნება“ დაადგეს იმ გზას, რასაც სხვა საქმეებში დაადგა – ეს არის გზა, რომელიც აირჩია რუსეთმა და საერთოდ გამოვიდეს ევროსაბჭოდან. ევროსაბჭოდან გამოსვლა იქნება ზურაბ ჟვანიას სიტყვებისთვის ხაზის გადასმა და საქართველოს ისტორიული არჩევანისთვის ხაზის გადასმა. ევროსაბჭო არის მთავარი ინსტიტუტი ევროპულ სივრცეში, რომელიც არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების საკითხზე გამაერთიანებელი ინსტიტუტი, ამ ევროპული ფასეულობების შემგროვებელი და გამავრცელებელი მთავარი ორგანიზაცია და აქედან გამოსვლა საქართველოსთვის იქნება გადამწყვეტი განაცხადი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ჩვენ ვბრუნდებით რუსულ სამყაროში. ამიტომ ცდილობენ ისინი რაღაცების კეთებას, რომ ამ ისტორიულ ამბავზე აღარ ვიფიქროთ, ასევე აღარ ვიფიქროთ პოლიტპატიმრებზე, პროტესტზე და რაღაც კომისიაზე“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
გარდა ამისა, ცუცქირიძემ ისაუბრა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე. როგორც მან განაცხადა, „ეს სხვა არაფერია თუ არა ოპონენტების დევნა და ეს კომისია არ არის გამოძიებისკენ ან ჭეშმარიტების დადგენისკენ მოწოდებული“.
„ეს კომისია არის ოპონენტების დევნის, შევიწროების კომისია. მათი ამოცანა არის ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, ნახევრად დემოკრატიული რეჟიმის (რაც აქამდე გვქონდა), ჩანაცვლება ავტორიტარიზმით და ბატონ-ყმური წესრიგით საქართველოში“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
რაც შეეხება მიმდინარე მოვლენების ფონზე ოპოზიციის ქმედებებს და მათ მიმართ შეფასებებს, ცუცქირიძე ამბობს, რომ ოპოზიციის კრიტიკას იზიარებს.
„ვისაც ოპოზიციაში უმუშავია, განსაკუთრებით არჩევნების დღეს, ყველასთვის ნათელია, რამხელა მექანიზმი მოქმედებს ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. მთელი სახელმწიფო მანქანა გვიშლის ხელს: პარტიული სუს-ი, პარტიული შსს, უსამართლო სასამართლო, ადმინისტრაციული რესურსები, ადამიანების დაშინება. ოპოზიციურ პარტიებში გაწევრიანება არის ყველაზე სახიფათო ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადადგას მოქალაქემ რომელიმე პატარა სოფელში, დაბაში. ეს მისთვის ან მისი ახლობლისთვის სამსახურის დაკარგვას და დაშინებას ნიშნავს. ამ პირობებში ის, რომ ოპოზიციამ მაინც გაიმარჯვა, კარგია, თუმცა, რა თქმა უნდა არასაკმარისია. მე ჩემი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი ვარ“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ამასთან, ლევან ცუცქირიძე თვითმმართველობის არჩევნებში მისი პარტიის მონაწილეობას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ამ საკითხზე შიდაპარტიული დისკუსიები მიმდინარეობს.
„ვფიქრობ, კრიტიკა იმან უნდა დაიმსახუროს, თუ რაიმე გადაწყვეტილებას მსჯელობის გარეშე მივიღებთ. ჩემი აზრით, ძალიან ნორმალურია, რომ ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხზე პოლიტიკურმა პარტიამ იმსჯელოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენთვისაც ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ. გვქონდა და გვექნება შიდა პარტიული დისკუსიები. მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს პარტიის ლიდერების მიერ.
ვფიქრობთ, რომ თუ არაფერი იცვლება და პირიქით, კიდევ უფრო უარესდება წინასაარჩევნო გარემო; ადამიანები რჩებიან პატიმრობაში; საარჩევნო კომისია დაქვემდებარებულია ერთ პარტიაზე და იმას აკეთებს, რასაც ეუბნებიან – ამ პირობებში უმჯობესი სტრატეგია არის ტოტალური ოპოზიციური ბოიკოტი. „თავისუფლების მოედანი“ ამას მხარს დაუჭერს და ვიქნებით ამის მოთავეებიც, მაგრამ თუ ასეთი ბოიკოტი რაღაც მიზეზების გამო არ გამოდის, სწორედ ესაა მსჯელობის საკითხი – მაშინ, ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ და გადავწყვიტოთ არა „თავისუფლების მოედნის“ პარტიული პერსპექტივიდან მხოლოდ, არამედ უპირველესად იმ პერსპექტივიდან, რა სჯობს დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის და საქართველოს სახელმწიფოსთვის. ჯერ არის სამშობლო – მერე არის პარტია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
