ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ბანდიტური ბრძოლა, მაფიოზური ბრძოლა, ერთმანეთს ებრძვიან ერთადერთი რამის გამო – მათი ამოცანა არის, სულ იყვნენ ხელისუფლებაში და ესენი მოდიან მერე და გველაპარაკებიან, რომ „დიფ სთეითი“ ებრძვის თურმე საქართველოს. რა „დიფ სთეითი“ ? „დიფ სთეითი” არის ბიძინა ივანიშვილი – არსად არ ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს, – ამის შესახებ მოძრაობა „თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.
ცუცქირიძის თქმით, ქვეყნის მთავარი მტერი ხელისუფლების წარმომადგენლების კორუფციული საქმიანობაა.
„1-ელ ოქტომბერს საქართველოს ბევრ მოქალაქეს, რომელმაც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას”, ჰქონდა იმედი, რომ საქართველოში დაბრუნდებოდა ადამიანის პატივისცემის უპირატესობა, მოქალაქის უფლებების უპირატესობა და საქართველო გახდებოდა სახელმწიფო, როგორც მაშინდელი „ქართული ოცნების” კოალიციის ლიდერები ამბობდნენ, რომელიც დემოკრატიით ევროპასაც კი გააოცებდა. კიდევ იყო სხვა დაპირებებიც, მაგრამ ეს მოლოდინი იყო საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში.
გასულ წელს რას ჰპირდებოდნენ თავის ამომრჩეველს? სასტუმროებს, მოსასვენებელ ადგილებს, პარტიული წვეულებების ჩასატარებელ სივრცეებს კარგად იშენებენ, მაგრამ ამასობაში ქვეყანაში რა ხდება? ამას წინებზე სტატისტიკებს ვნახულობდი და “ქართული ოცნების” ლიდერებს გასულ წელს საჩუქრად მისცეს 22 მილიონი ლარი. დეკლარაციებს რომ შეხედავთ, ეს საჩუქრები არის ძირითადად ნაღდი ფული და ისიც მშობლების ნაჩუქარი. მარტო ამათ ჰყავთ თურმე გულუხვი, კეთილი და განსაკუთრებით ჭკვიანი მშობლები, რომ ამდენ ფულს შოულობენ მაშინ, როცა ქვეყანაში 700 ათასი მოქალაქე არის სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული და ესენი გამოდიან აქ და ლაპარაკობენ, რომ თურმე „დიფ სთეითი” გვებრძვის. „დიფ სთეითი” კი არ გვებრძვის, ამათი კორუფციაა ამ ქვეყნის მთავარი მტერი.
ესენი სინამდვილეში კორუფციას რომ ებრძოდნენ, ამ ყველაფერს აქამდე გააკეთებდნენ. როგორ დავიჯერო, რომ ქვეყანაში, სადაც ამხელა რესურსებია ჩადებული დევნაზე, თვალთვალზე, მიყურადებაზე და ა.შ. 2 მილიარდი ლარი ისე გათეთრდა, რომ ამათ თურმე არაფერი არ იცოდნენ. 2 მილიარდი ლარი უფრო დიდი ფულია, ვიდრე ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი და ამაზე ლაპარაკობს „ქართული ოცნება”, რომელიც ვითომ მშვიდობას იცავს ქვეყანაში და თავდაცვის ბიუჯეტზე მეტი ფული მიდიოდა ვიღაცის ჯიბეში.
ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ბანდიტური ბრძოლა, მაფიოზური ბრძოლა ერთმანეთს შორის, რომ რომელიღაც ჯგუფმა მოიპოვოს უპირატესობა, შექმნას თავისი ძალაუფლების ვერტიკალი და ისინი კორუფციას კი არა, ერთმანეთს ებრძვიან ერთადერთი რამის გამო – მათი ამოცანა არის, სულ იყვნენ ხელისუფლებაში და ესენი მოდიან მერე და გველაპარაკებიან, რომ „დიფ სთეითი” ებრძვის თურმე საქართველოს. რა „დიფ სთეითი“? „დიფ სთეითი” არის ბიძინა ივანიშვილი – არსად არ ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 4 ოქტომბრის აქციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „თავისუფლების მოედანი” 4-ში რუსთაველის გამზირზე იდგება. როგორც ცუცქირიძემ განაცხადა, თუ 4-ში არაფერი გამოვა, 5 ოქტომბერსაც უნდა დადგეს ხალხი, რადგან ახლა გაჩერების უფლება არავის აქვს.
„თავისუფლების მოედანი” ამ წინააღმდეგობაში და ამ ბრძოლაში 307 დღე იმისთვის არ არის, 310-ე დღეს თქვას, რომ ახლა გავჩერდებით. არა, ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ. მე ძალიან მინდა, რომ ეს ბრძოლა წარმატებით დასრულებულიყო გუშინ და გუშინწინ და ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანი, თუ ეს დასრულდება 4 ოქტომბერს, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდება, მე არ ვაპირებ, რომ ხელები ჩამოვუშვა და თანამოაზრეებს ვუთხრა, რომ ხალხო, არაფერი არ გამოგვივიდა. არა, 5-შიც ვიქნები, თუნდაც მარტო ვიყო და არავინ გამოვიდეს, 6-შიც… იმავეს მოვუწოდებ ჩემს თანამოაზრეებს და თანამებრძოლებს.
ახლა არ გვაქვს გაჩერების უფლება, რაც არ უნდა მოხდეს. ბევრნი უნდა ვიყოთ 4-ში, მაგრამ თუ საჭირო იქნება, 5-შიც უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ცუცქირიძემ.
