ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს და მიზეზად დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლას“ ასახელებს. იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდეს, ევროკომისიამ „ქართულ ოცნებას” რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.
„თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე წერს:
„დიდი ჯაჭვის რამდენიმე რგოლზე მინდა მოგითხროთ იმის საილუსტრაციოდ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის გაუქმებას საქართველოსთვის.
მოდით, ავიღოთ ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობა:
– “ოცნების” გამო გაუქმდება თავისუფალი მიმოსვლა;
– ამის შემდეგ შემცირდება საქართველოდან ბილეთების გაყიდვები;
– ამას მოჰყვება შემცირებული ფრენები საქართველოდან;
– ბუნებრივად, ამას მოჰყვება ავიაკომპანიების, განსაკუთრებით ევროპულ მარშრუტებზე დაბალბიუჯეტიანი გადამყვანების გასვლა ქვეყნის ბაზრიდან;
– ამას მოჰყვება ევროპაზე ფოკუსირებული ტურისტული ბიზნესისთვის დიდი ზიანი;
მივიღებთ:
– ნაკლებ სამუშაო ადგილს;
– ნაკლებ შემოსავალს ჩვენი ოჯახებისთვის;
– ნაკლებ შემოსავალს ბიუჯეტში;
– უფრო გაღარიბებულ ქვეყანას და უფრო დაუცველ ოჯახებს.
რა მოხდება ჯანდაცვაში:
– აქაც, ივანიშვილის პარტიის გამო, ვეღარ შევძლებთ სწრაფად სამკურნალოდ წასვლას მსოფლიოს საუკეთესო ჯანდაცვისა და ხელმისაწვდომი სერვისების მქონე ევროპულ ქვეყნებში;
– გადაუდებელი საჭიროების დროს საქართველოში ჩავრჩებით ჩვენი ჯანდაცვის სისტემის იმედზე;
– ჩვენი ექიმები ვეღარ შეძლებენ მარტივად იმოგზაურონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია ევროპულ ქვეყნებში და აქ გადაარჩინონ მეტი სიცოცხლე და უკეთ იზრუნონ ჩვენს ჯანმრთელობაზე;
მხოლოდ 2024 წელს, საქართველოდან 125 000-მდე ადამიანი წავიდა ემიგრაციაში. რას ნიშნავს ეს ყველაფერი მათთვის?
– ბევრი ადამიანი ან საერთოდ ვეღარ იმუშავებს საზღვარგარეთ ან აღარ დაბრუნდება უკან იმის შიშით, რომ მერე ევროპაში აღარ შეუშვებენ სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო;
– დედები და შვილები, ცოლები და ქმრები, დები და ძმები ვეღარ მოინახულებენ ერთმანეთს ხშირად;
– ქვეყანაში ბევრად უფრო ნაკლები ფულადი გზავნილი შემოვა, რომელთა უმეტესობა ევროკავშირიდან მოდის და გასულ წელს 3,36 მილიარდი დოლარი შეადგინა;
– ოჯახებს ნაკლები შემოსავალი ექნებათ და კიდევ უფრო დამოკიდებულნი გახდებიან სახელმწიფოსგან სამოწყალოდ გადმოგდებულ რამდენიმე ასეულ ლარზე.
ჩვენს შვილებზე და ზოგადად, ახალგაზრდებზეც დავფიქრდეთ. მათთვის აღარ იქნება:
– ხელმისაწვდომი მოგზაურობა ევროპულ განათლებასა და კულტურასთან ზიარებისთვის;
– გართულდება მეგობრებთან შეხვედრები;
– ვეღარ იმოგზაურებენ ევროპის ქვეყნებში, რაც ასე სჭირდებათ მათ.
ვის არ შეეხება ეს ყველაფერი?
– “ოცნების” ლიდერების შვილებს, ვისაც ევროკავშირის ქვეყნების პასპორტები აქვთ;
– “ოცნების” ლიდერებს, ვისაც ბევრი ფული აქვთ ევროკავშირის ბანკებში, ქონება მილანში, პარიზსა და ამსტერდამში;
– მათ, ვისი ანგარიშებიც გერმანულ ბანკებში, ხოლო იახტები ბერძნულ პორტებშია;
– მათ, ვინც თვლის, რომ ყველაფერი გაუვა, ყველა ტყუილს გადაყლაპავს მისი ამომრჩეველი და ყველანაირი უსამართლობა დაუსჯელი დარჩება.
რა ბედი ეწევა საქართველოს:
– ის გახდება უინტერესო ტერიტორია რუკაზე – არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ ყველასათვის, მათ შორის ჩინელებისა თუ არაბული ქვეყნებისთვის, რადგანაც არავის აინტერესებს იზოლირებულ ქვეყანაში ფულის დაბანდება, რომელსაც სანქცირებული პარტია მართავს. ეს იგივეა, ისეთ ბანკს მიაბარო ფული, რომელსაც არც საერთშორისო გადარიცხვები შეუძლია წესიერად, არც შენი ფულის მოფრთხილება და მაინცდამაინც არც თუ სანდო მმართველები ჰყავს;
– გავხდებით “რუსული სამყაროს” ვასალი, სადაც მთავარი სიტყვა საქართველო მოქალაქეებს კი არა, “კანონიერ ქურდებს,” რუს ბანდიტებს და ოლიგარქებს ექნებათ. კიდევ უფრო გაგვყლეფენ და კიდევ უფრო დაგვამცირებენ;
– გავხდებით ღარიბი, უპერსპექტივო ხალხი, რომელსაც ბატონყმური წესებით მართავენ შეშლილი, კორუმპირებული მმართველები;
ამიტომ, ჩვენ ორი გზა გვაქვს: ერთია თავის დახრის, პირში წყლის ჩაგუბების და ზოოპარკის “მშვიდობაში” ცხოვრების გაგრძელების გზა – ცხოვრება ისე, როდესაც ნებისმიერ დროს შეეძლებათ გალიაში ჩვენი გამათრახება ან სამათხოვროდ ერთი ზედმეტი ლუკმის, ტენდერის, სამსახურის გადმოგდება – კიდევ უფრო მეტი მორჩილების და დამცირების სანაცვლოდ.
მაგრამ არის მეორე გზაც: ესაა ჭეშმარიტად ეროვნული გზა, ის, რაც ყოველთვის იყო ჩვენი საამაყო წარსულის შემადგენელი – გზა წინააღმდეგობისა და ბრძოლის, იმის თქმის, რომ სანამ სახელმწიფოს არ დავიბრუნებთ, ჩვეულებრივად ცხოვრებასაც აღარ გავაგრძელებთ; რომ არა მხოლოდ ნაწილი, არამედ ყველანი ერთ კენჭს მაინც დავდებთ საერთო საქმეში.
ნამდვილად ღირსეულ ცხოვრებას მხოლოდ მაშინ მოვიპოვებთ, როდესაც უღირსებს სახელმწიფო მმართველობას ჩამოვაცილებთ და დავიბრუნებთ ჩვენი მომავლის განკარგვის იმ უფლებას, რომელსაც ასე უტიფრად გვაცლიან ხელიდან.
არჩევანი ჩვენზეა”.