ლევან ცუცქირიძე – გუშინდელი აქცია დავაორგანიზეთ პარტიებმა, რომლებიც რვიანიდან შვიდეულში დავრჩით, საიდანაც „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა – ჩვენს გეგმაზე კი ველოდებით საზოგადოებისა და პარტიებისგან პასუხს, თანამშრომლობა არასდროს გამოგვირიცხავს

მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, „დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიანი გეგმა“ პარტიის ხედვას ასახავს და მიზნად ისახავს, ოპოზიციური ფლანგის გააქტიურებას.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, გეგმის გამოქვეყნებით „თავისუფლების მოედანი“ საზოგადოებისადმი და ოპოზიციური სპექტრისადმი პასუხისმგებლობას იღებს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი გზა, რომელიც მან აირჩია. რაც შეეხება გუშინდელ აქციას, ის დააორგანიზეს პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც რვიანიდან შვიდეულში დავრჩით, საიდანაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე გავიდა, ვინც დავრჩით, რაღაცები ერთად გავაკეთეთ. ძალიან გამიხარდა, რომ გუშინდელ აქციას „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა. ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფალია თავისი გეგმები გამოაქვეყნოს და გვითხრან, რას აპირებენ. ჩვენ, „თავისუფლების მოედანი“ არ ვაპირებთ ველოდოთ, როდის შეთანხმდება ყველა რაღაცაზე, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.
მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პროცესი ისე კი არ უნდა აეწყოს სადღაც ოთახში ჩაიკეტონ ადამიანები და შემდეგ საზოგადოებას დაუდონ. პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, რომ ჩვენი შეხედულებები გამოვაქვეყნოთ. ყველა სვამს კითხვას, “რა არის გეგმა, გვითხარით გემა”. გამოვაქვეყნეთ გეგმა, ახლა ველოდებით საზოგადოებისა და პარტიებისგან პასუხს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, „თავისუფლების მოედანი“ სწრაფად მზარდი პოლიტიკური ძალაა, რომელიც თანამშრომლობას არ გამორიცხავს, თუმცა მზადაა დამოუკიდებლად იმოქმედოს საერთო მიზნის მისაღწევად.
ცუცქირიძემ განმარტა, რომ მათ მიერ შემუშავებული 10-პუნქტიანი გეგმის დიდი ნაწილი მიზნად ისახავს თავისუფალი ს ჩატარების პირობების შექმნას.
„თავისუფლების მოედანი“ არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პოლიტიკური პარტია. ჩვენ სხვებთან თანამშრომლობა არასდროს გამოგვირიცხავს. ის, რომ ჩვენ ჩვენი ხედვა გამოვაქვეყნეთ არ ნიშნავს იმას, რომ სხვებთან არ ვითანამშრომლებთ. თანამშრომლობა უნდა აეწყოს იმაზე, თუ როგორ მივდივართ იქ, სადაც გვინდა, რომ მივიდეთ. ჩემი აზრით, 10 – პუნქტიანი გეგმა საერთო მიზანს ემსახურება.
10 პუნქტიანი გეგმის 80%-ი არის ის თუ, რა უფრო მიგვაახლოებს იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენ შევძლებთ თავისუფალი არჩევების ჩატარებას. ეს გეგმა იმიტომ გამოვაქვეყნეთ, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ განვახორციელებთ“,- განაცხადა ცუცქირიძემ.