არ მგონია, რომ საქართველოს ბედი ბრიუსელში ან სადმე გადაწყდება, ის აქ გადაწყდება – თბილისში. ეს არცერთ პოლიტიკოსს არ უნდა შეეშალოს და არ უნდა ეგონოს, რომ უცხოეთი არის მთავარი , – ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ პალიტრანიუსის” გადაცემა “360-გრადუსში” განაცხადა.
ცუცქირიძის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შიდა პროტესტის გაძლიერებას და საზოგადოების მობილიზებას.
როგორც მან აღნიშნა, მოძრაობამ უკვე წარადგინა 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ეფუძნება ორ მთავარ საყრდენს – შიდა პროტესტსა და „ბრძოლის გზის“ შეთავაზებას ხალხისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ხედვა არსებობდეს იმის, თუ როგორ მივდივართ გამარჯვებამდე, ამას სჭირდება რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენი ვალდებულებაა, ხალხს შევთავაზოთ „ბრძოლის გზა“. სწორედ, ამიტომ გამოვაქვეყნეთ ჩვენი ხედვა – 10 ნაბიჯი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს. გეგმა ორ ქვაკუთხედზე დგას: ერთი შიდა პროტესტი, რაც არის მთავარი და გადამწყვეტი. არ მგონია, რომ საქართველოს ბედი ბრიუსელში ან სადმე გადაწყდება, ის აქ გადაწყდება – თბილისში. ეს არც ერთ პოლიტიკოს არ უნდა შეეშალოს და არ უნდა ეგონოს, რომ უცხოეთი არის მთავარი. მთავარია პროტესტის გაფართოება. წინააღმდეგობაში კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართვა. კიდევ უფრო ეფექტური და ხილვადი უნდა გახდეს ჩვენი პროტესტი.
საზოგადოების მთავარი კითხვა, რაც ყველაზე მეტად აწუხებს არის – სად არის ის ხალხი, რომელიც სიახლეს შემოგთავაზებს? ვინ არის ალტერნატივა? ამიტომ, მგონია, რომ ძლიერი პასუხი ამ კითხვაზე თვითონ „თავისუფლების მოედანია“ და ის ადამიანები, რომლებიც არიან „თავისუფლების მოედანში“,- განაცხადა ცუცქირიძემ.
კითხვაზე, არიან მზად თუ არა იყვნენ „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, პასუხობს, რომ მარტო ვერც ერთი პოლიტიკური ჯგუფი ვერ მოახერხებს ცვლილებების მიღწევას.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ „კორუმპირებულ პოლიტიკურ თამაშის წესებს“ ალტერნატივას სწორედ ისეთი პოლიტიკური ჯგუფები წარმოადგენენ, როგორებიც „თავისუფლების მოედანია“.
„მარტო ვერავინ, ვერაფერს ვერ გააკეთებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება თანადგომა, მხარდაჭერა, მეტი თანამებრძოლი. „თავისუფლების მოედანმა „ არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ ყოველთვის მზად ვართ, ერთიანობისთვის ნაბიჯები გადავდგათ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თუ რამე არის ამ კორუმპირებული პოლიტიკური თამაშის წესების ალტერნატივა – არის სწორედ ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, როგორც ამ შემთხვევაში „თავისუფლების მოედანია“, რომელიც არის სუფთა წარსულით, მცოდნე ადამიანებით და პრინციპული ადამიანებით“,- განაცხადა ცუცქირიძემ.
კითხვზე, რა უნდა შეიცვალოს პროტესტში, პასუხობს, რომ პროტესტი უნდა გავიდეს რუსთაველის ფარგლებს გარეთ — საჭიროა ფორმების გამრავალფეროვნება და რეგიონების ჩართვა.
ცუცქირიძის თქმით, მხოლოდ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ვერ იქნება გადამწყვეტი, თუმცა მას სიმბოლური მნიშვნელობა მაინც აქვს.
„პროტესტის ფორმების გამრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, თუნდაც გარკვეული დროით, არის მნიშვნელოვანი სიმბოლიზმის მატარებელი, მაგრამ არა გადამწყვეტი. რეგულარულიო პროტესტი მნიშვნელოვანია, მათ შორის რუსთაველზე. ასევე მგონია, რომ პროტესტი თბილის ცენტრალურ უბნებს უნდა გაცდეს. ჩვენ რეგიონებში და ქალაქებში უნდა მოვახერხოთ პროტესტი. ეს შეიძლება არ იყოს ისეთი ტიპის პროტესტი, როგორსაც რუსთაველის გამზირზე ვხედავთ, მაგრამ იყოს სხვა ფორმით. მას შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკური ბოიკოტის სახე, შეიძლება სხვადასხვა ფორმა. ყველა ქალაქს, უბანს თემს ვუპოვოთ ის, რაც მას სჭირდება და რისი გაკეთება შეუძლია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.




