“თავისუფლების მოედანის” ლიდერი ლევან ცუცქირიძე:
უახლოეს მომავალში “ოცნება” შეეცდება, თავისი მომხრეები კიდევ ერთხელ დააჯეროს აბსურდულ დებულებებში და პროპაგანდისტულ მანქანასაც იმისკენ მიმართავს, რომ:
– მსოფლიოში უპრეცედენტო და უნიკალური მშვიდობის პროექტი, ევროკავშირი, რომელიც ომის აღარასოდეს დაშვების იდეით შეიქმნა, საქართველოს ომში ითრევს;
– ევროკავშირი რომელიც ერთადერთი გაერთიანებაა, სადაც მცირე ზომის სახელმწიფოები, ენები და კულტურები, რომლებიც სხვა პირობებში სუვერენიტეტის გარეშე დარჩებოდნენ და გაქრებოდნენ და რომელიც ჩვენს გვერდით იდგა დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან, საქართველოს დამოუკიდებლობას ემუქრება;
– ევროკავშირი, სადაც ოჯახები ყველაზე დაცულია და სადაც არავის ეშინია ხვალინდელი დღის, ჩვენს ოჯახებს დანგრევით ემუქრება;
– ევროკავშირი, სადაც არავინ უთვალთვალებს და აშანტაჟებს რელიგიურ მსახურებსა და ეკლესიას, სადაც ყველაზე მეტადაა დაცული კულტურული მემკვიდრეობა და ისტორიული მეხსიერება, ჩვენს ტრადიციებს ებრძვის და სქესისა და სექსუალური ორიენტაციის შეცვლას გვიპირებს;
– მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან, განვითარებულ და უსაფრთხო გაერთიანებაში თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობის დაკარგვით, ჩვენ უფრო თავისუფლები გავხდებით.
სინამდვილეში, მძიმე რეალობა, რომლის წინაშეც ივანიშვილის პარტია გვაყენებს, ასეთია:
– უამრავი ადამიანი, რომელსაც საკუთარი ან მისთვის ძვირფასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო ევროპულ კლინიკებში სწრაფად გადაფრენით, ამ გზას ვეღარ დაადგება;
– უამრავი ოჯახი, რომელთა ახლობლებიც ემიგრაციაში არიან, ვეღარ ნახავენ ერთმანეთს მაშინ, როცა მათ ეს დასჭირდებათ და მოუნდებათ. ამისათვის მოუწევთ ვიზის ხანგრძლივი ლოდინი, რომელსაც ან მიიღებენ და ან არა იმის გამო, რომ ოცნებამ ევროპა მტრად გამოაცხადა. შედეგად, ჩვენი ოჯახები კიდევ უფრო დაიქსაქსება და დასუსტდება;
– მოქალაქეები, რომელთაც იაფი და სწრაფი მოგზაურობის შესაძლებლობა ჰქონდათ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ამას ვეღარ შეძლებენ;
– სტუდენტები დაკარგავენ უამრავ ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობას;
– მეცნიერები, რომელთაც მარტივად შეეძლოთ ცოდნის გაზიარება და ამით ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა, ამას ვეღარ შეძლებენ;
– ბიზნესი, რომელსაც შეეძლო სწრაფი და იაფი, რეგულარული პირდაპირი ურთიერთობა ევროპელ კოლეგებთან, ამის გარეშე დარჩება;
ეს ყველაფერი შეგვეხება ყველას, იმის მიუხედავად, თუ რომელ პარტიას ვაძლევთ ხმას ან რომელ არხს ვუყურებთ.
შედეგად, საქართველო კიდევ უფრო გაღარიბდება და დასუსტდება. და ეს მხოლოდ იმიტომ მოხდება, რომ ადამიანთა ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო ხალხისთვის კი არ არსებობს, არამედ თვითონ ისინი წარმოადგენენ სახელმწიფოს.
ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია არა ბრიუსელი, არასამთავრობო ორგანიზაციები ან პოლიტიკური პარტიები, არამედ დაჯგუფება, სახელად “ქართული ოცნება”.