“მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის” (EECMD) ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ თანამოაზრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” დააფუძნა.
მოძრაობის პრეზენტაცია პირველ ივლისს, თბილისში, მშვიდობის ხიდთან გაიმართა. ცუცქირიძის თქმით, მათი მთავარი ამოცანა საქართველოში დემოკრატიის დაცვაა.
“ჩვენს ვალდებულებად მიგვაჩნია, გავაერთიანოთ გაბედული, კომპეტენტური და პატრიოტი მოქალაქეები დემორკატიის გადასარჩენად და ქვეყნის მომავლის გადასარჩენად. მტკიცედ გვჯერა, რომ აუცილებელია რეალუსტირი და ამბიციური პროგრამის გარშემო სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება”, – თქვა მან და დაამატა, რომ ისინი მხარს უჭერენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, “ქართულ ქარტიას”.
“ხელისუფლების ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვებების თარიღზე, მაგრამ ამან აუცილებლად უნდა მოიტანოს ისეთი ცვლილებები, რომლის შედეგადაც ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ გაბედავს ხალხისთვის მიცემული სიტყვის გატეხვას, როგორც ეს ქართულმა ოცნებამ არაერთხელ გააკეთა უკვე. მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში, ყველა ვინც, ჩვენი წინააღმდეგი არ არის, არის ჩვენთან. ამიტომ მზად ვართ, ყველა იმ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას, ჩვენს მანიფესტს და ჩვენს სულისკვეთებას.
ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში არა პოლიტიკური სივრცის დანაწევრებისთვის, არამედ მისი გაერთიანებისთვის, დღევანდელი ჩვენი შეკრება მხოლოდ დასაწყისია”, – აცხადებს ის.
ლევან ცუცქირიძემ, ასევე მიმართა საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათი კარი ღიაა თანამოაზრეებისთვის და მოუწოდა მათ, რომ შეუერთდნენ მათ პოლიტიკურ მოძრაობას.
საქართველოს მმართველმა გუნდმა 2024 წელს მეორედ შეიტანა პარლამენტში წინა წელს ჩაგდებული „აგენტების კანონი“ – სახელის მხოლოდ მცირედი ცვლილებით და იდენტური შინაარსით – და სამი მოსმენით მიიღო.
ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოც და, პროცედურის კვალდაკვალ, სამ ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“.