„სტუმრად შეიძლება ნებისმიერ გუნდთან დიდი სხვაობით დავმარცხდეთ, მაგრამ საშინაო თამაშებში ყველაფერი იცვლება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე წაგება ყველას დაუშვებლად მიაჩნია და განსაკუთრებული აგრესიით და მონდომებით ვთამაშობთ“ – ამბობს ვეტერანი “ბორჯღალოსანი” ლევან ჩილაჩავა, რომელიც “კასტრში” მეოთხე სეზონს ატარებს.
“კასტრი” 13 იანვარს „პიერ ფაბრიზე“ ‘შავ ლომს’ მასპინძლობს. ჩელენჯ თასის მესამე ტურის შეხვედრა ჩვენი დროით 19:15 საათზე დაიწყება და ტრიბუნებზე, რომელიც 12 500 მაყურებელს იტევს, 500-მდე ქართველიც იქნება.
„კასტრში რაგბი ძალიან უყვართ. რომ არა რაგბი, ალბათ მისი არსებობა არც არავის ეცოდინებოდა. სტადიონი 12 500
გულშენატკივარს იტევს, თუმცა დიდი თამაშებისას, მაგალითად “ტულუზას” წინააღმდეგ, ფაქტობრივად მთელი ქალაქი სტადიონზეა და სასწაულ ატმოსფეროს ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თავგადაკლული ფანები არიან, ისინი თავშეკავებითაც გამოირჩევიან და არასდროს გადადიან ზღვარს, მოწინააღმდეგე გუნდს და მის ფანებს მუდამ პატივისცემით ეპყრობიან“ – აღნიშნავს ჩილაჩავა.
იმის ფონზე, რომ “შავმა ლომმა” ჩელენჯ თასის პირველ ორ თამაშში თავი კარგად წარმოაჩინა, ერთი შეხვედრა მოიგო და 5 ქულით მეორე ადგილზეა, “კასტრი” ჩვენს დასახვედრად დიდი ენთუზიაზმით ემზადება, მით უმეტეს, რომ ბოლო საშინაო შეხვედრა “პერპინიანთან” 13:17 დათმო.
„მოედანზე ისე გავედით, თითქოს გამარჯვება გარანტირებული გვქონდა და ამის გამო ბოლო წუთზე დავისაჯეთ. მას შემდეგ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე პირველად “შავ ლომს” ვეთამაშებით და სრული სერიოზულობით და მონდომებით ვემზადებით. ორშაბათს გვქონდა ვიდეო-ანალიზი და მწვრთნელებმა იციან, რომ მეტოქე მოდუნებას არ გვაპატიებს. რაც არ უნდა კრიზისში იყოს “სქარლეთსი”, მისი უელსში დამარცხება იოლი არავისთვისაა. “შავი ლომის” სიძლიერეზე “გლოსტერთან” მხოლოდ 5-ქულიანი სხვაობაც მეტყველებს“ – გვიყვება 32 წლის ჩილაჩავა და განაგრძობს:
„მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ “შავი ლომის” შემადგენლობის ნახევარზე მეტი საქართველოს ნაკრებში თამაშობს. არავინ ფიქრობს რომ ის ტურნირის დებიუტანტია. სეზონის დასაწყისში ჩელენჯ თასზე მიზნად ჯგუფური ეტაპის გადალახვა დავისახეთ და დარწმუნებული ვარ 13-ის თამაშზე მოედანზე ძლიერი შემადგენლობით გავალთ“.
2012-2020 წლებში ლევან ჩილაჩავას “ბორჯღალოსნების” კვართით 54 კეპი აქვს მოხვეჭილი (10 ლელო). 2011 წლიდან ის ტოპ 14-ის კლუბების – “ტულონის”, “მონპელიესა” (2018-იდან) და “კასტრის” (2020-იდან) ღირსებას იცავს და მოედანზე ბევრჯერ შეხვედრია ქართველ ოპონენტს, მაგრამ არასდროს უთამაშია ქართული გუნდის წინააღმდეგ:
„ჯერ არ ვიცი, ვიქნები თუ არა სათამაშო შემადგენლობაში, თუმცა უცნაური შეგრძნება უკვე მაქვს. “გლოსტერთან” და “სქარლეთსთან” რა თქმა უნდა, “შავ ლომს” ვქომაგობდი, მის შემადგენლობაში ხომ არაერთი ისეთი მორაგბეა, რომელთა მხარდამხარ მითამაშია და ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს, მაგრამ პროფესიონალი ვარ და თუ თამაში მომიწევს, აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებ“.
შეგახსენებთ, კასტრიდან დაბრუნების შემდეგ “შავი ლომი” ჩელენჯ თასის დასკვნით ტურში თბილისში, „მიხეილ მესხზე“, 20 იანვარს კიდევ ერთ ფრანგულ გრანდ “კლერმონს” დაუპირისპირდება.
Rugby.ge
· შინი.GE
· მარაო