“არსებობს ადამიანის შრომა და ამ შრომას აქვს ფასი. ყველაფერი რასაც ადამიანი გამოიმუშავებს ამ შრომის საფასურია და ადამიანს აქვს ფუნდამენტური უფლება თავისი ნების მიხედვით განკარგოს ის, რასაც გამოიმუშავებს.
ამასთან, ადამიანებმა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფელად და კიდევ სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, შექმნეს სახელმწიფო და შეთანხმდნენ: საკუთარი შრომით გამომუშავებულის ნაწილს მოქალაქეები საკუთარი ნებით გადარიცხავენ გარკვეულ ფონდში, რომლიდანაც ისევ ხალხის მიერ არჩეული გარკვეული ადამიანები აიღებენ ფულს და ისევ მოქალაქეების საჭიროებების უზრუნველსაყოფად დახარჯავენ მას. ეს ფონდია სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო ხალხი, რომელიც ამ ფულს ისევ ხალხისთვის უნდა ხარჯავდეს მთავრობა.
ეს არის სახელმწიფოს მთელი ავან-ჩავანი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვა ან მისი ბოროტად გამოყენება არის სახელმწიფოს ერთ-ერთი საფუძველმდებარე პრინციპის დარღვევა. ძირითადი შეთანხმების დარღვევა, რომელსაც პოლიტიკურ ფილოსოფიაში სოციალური კონტრაქტი ეწოდება. თუკი მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტს საკუთარი მიზნებისათის იყენებს, გამოდის, რომ მან ჩვენ ყველას ფული წაგვართვა. ასეთი მთავრობა არის რეკეტიორი და მეტი არაფერი.
ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ცრუ-ირაკლის გუშინდელი განცხადება გამოიწვევდა აჯანყებას. პროტესტს არა – აჯანყებას. პარიზი, მადრიდი, ბერლინი თუ პრაღა – მანქანა არ დარჩებოდა დაუწველი.
გუშინ ცრუ-ირაკლიმ თქვა, რომ ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუნაზღაურებს დასანქცირებულ ჯალათებს მათ ზარალს. ანუ, ჩვენთვის წართმეული ფულით დააფინანსებს ხალხს, რომლებიც იმის გამო დასაჯეს, რომ ჩვენ გვაწამეს.
გარდა იმისა, რომ სრულიად ისედაც ამორალურია მე და საქართველოს თითოეული მოქალაქე რომ იხდის მაგ ჯალათების კვებისა და მოსვენების, ეკიპირებისა და დასვენების ფულს, ამასთან, ეს არის ჩვენი ძირეული შეთანხმების, საზოგადოებრივი ხელშეკრულების დარღვევა. თუ რომელიმე ჯალათს რამე ბიზნესი ჰქონდა და მისმა ბოროტმა ქმედებებმა ამ ბიზნესს საფრთხე შეუქმნა, მე რატომ უნდა გადავიხადო ზარალის კომპენსაცია? ჩემს ბიზნესს რომ საფრთხე შეექმნას მთავრობა გადამიხდის? დაგვიფაროს მაშინ მთავრობამ ბანკის პროცენტები, გვაჩუქოს ახალი სახლები, გადაუხადოს ჩვენს შვილებს უცხოეთში სწავლის გადასახადები…. თუ თავისიანებს ჩემი ფულით თავს ევლება, მაშინ სრული უფლება გვაქვს რომ ჩვენც მოვითხოვოთ მსგავსი დამოკიდებულება.
ჩვენ ბიუჯეტში ფულს იმიტომ არ ვიხდით, რომ ვიღაც ჯალათებს სანქციებით გამოწვეული ზიანი გადავუზღვიოთ. ჩვენ ვიხდით წესიერი განათლებისათვის, ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის, ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრების მოწყობისათვის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი უბრალოდ უგულვებელყოფს და ფულს რობოკობების წვრთნა/აღჭურვაში, ძალოვანების პრივილეგიებისათვის და საკუთარი გუნდის წევრების ბიზნესგარემოს მოწყობისათვის იყენებს.
ჩვენ აქამდე გვქონდა სამი მიზეზი, რის გამოც ხელმეორე არჩევნების ჩატარების მოთხოვნა ლეგიტიმური იყო: არჩევნების გაყალბება, უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და საკუთარი მოქალაქეების წამება/უსამართლო სასამართლო. ახლა მას მეოთხე ლეგიტიმური მოთხოვნაც დაემატა: საზოაგდოებრივი ხელშეკრულების კიდევ ერთი პუნქტის დარღვევა და სახელმწიფო ბიუჯეტის ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ მიმართვა,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.