“პირველ არხთან ვიდექით და რამდენიმე ვერსია მაქვს ვინ მითხრა, მაგრამ ბოდიში და აღარ მახსოვს: ღამით ლიფტის ხმა რომ მესმის ტანზე ვიცვამ, მგონია რომ მე მომაკითხესო.
ივანიშვილის რეჟიმის დამსახურებით ხომ მრავალი ლიტერატურული ნაწარმოები გაგვიცოცხლდა თვალწინ და ერთ-ერთია ჯულიან ბარნსის დროის ხმაური.
ვფიქრობ აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოს, რათა კიდევ უფრო მძაფრად გაიაზროს რა იყო საბჭოთა კავშირი და რა ცხოვრებისთვის გვამზადებს ივანიშვილის რეჟიმი.
ეს წიგნი არის შოსტაკოვიჩზე და მის უბედურ ცხოვრებაზე.
მახსოვს რო ვკითხულობდი პარალელურად გუგლი მქონდა გახსნილი, იმდენად არ მჯეროდა, რომ წიგნში აღწერილი სისასტიკე ნამდვილი შეიძლება ყოფილიყო.
ბევრს აღარ დაგისპოილერებთ, მხოლოდ ერთ ეპიზოდს. წიგნი ასე იწყება:
“ერთადერთი რაც მან იცოდა იყო ის, რომ ეს ყველაზე ცუდი დრო იყო.
ის უკვე სამი საათის განმავლობაში იდგა ლიფტთან….”
საქმე იმაშია, რომ ვინაიდან შოსტაკოვიჩს ეგონა, რომ ცუდი ნაწარმოების დაწერის გამო დღე-დღეზე დაიჭერდნენ, მას ჩაცმულს ეძინა. თუმცა მერე მიხვდა, რომ მასთან ერთად შეიძლება შვილიც და ცოლოც დაეჭირათ და ამიტომ ღამეს ლიფტთან ათენებდა ხოლმე. ღამეს იმიტომ, რომ დაჭერები სულ ღამით ხდებოდა ხოლმე.
ბევრჯერ მაქვს ამ ეპიზოდზე კლასში ყურადღება გამახვილებული. ტერორის ამაზე კარგი ილუსტრაცია რა შეიძლება იყოს.
ხოდა აგერ ჩვენი თანამოქალაქეები დღეს არიან მაგ ტერორში. ღამით რომ მანქანა ჩერდება სახლთან ყველა იღვიძებს ოჯახში. ხალხი ლიფტის ხმის გაგონებაზე ოჯახის წევრებს ემშვიდობება.
შეუძლებელია ასეთ სახელმწიფოში ვინმე იყოს ბედნიერი. მხოლოდ ის, ვინც თავს მოიტყუებს, რომ სხვათა ბედი მას არ ეხება. მაგრამ ის ამით საკუთარ თავსაც წირავს, ვინაიდან მაგ ლოგიკით არც მისი ბედი ეხება ვინმე სხვას. არა და რანაირად? თუ არ გვეხება როგორ ვართ სახელმწიფო? საზოგადოება? ერი? ინდივიდების მათემატიკური ერთობა ვართ? რა სისულელეა.
პ.ს. წიგნი ქართულად არის თარგმნილი,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.