ლუკას სახარებაში (თავი 23) არის ერთი ასეთი ეპიზოდი:
ჯვარცმის შემდეგ ჯარისკაცები, ფარისევლები და სხვები დასცინიან ქრისტეს. მათ შორის, მასთან ერთად ჯვარცმული ორიდან ერთ-ერთი ავაზაკიც უხეშად ეუბნება, ღმერთი თუ ხარ, დაიხსენი შენი თავი და ჩვენცო. ამაზე მეორე ავაზაკი პასუხობს:
“40. “ნუთუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ?
41. ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი უჯერო არ ჩაუდენია“.
42. და თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მიხვალ“.
43. და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“.”
სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა, ან ყველაზე მეტი მამაო ჩვენო თქვა. არაფერი ამდაგვარი.
უბრალოდ უდანაშაულო ადამიანის მიმართ მოწყალება გამოიჩინა. სიტყვით გაამხნევა ის. მეტი არაფერი. ამ ერთმა სიტყვამ სამოთხისკენ გაუხსნა გზა ადამიანს, რომელსაც მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო სიკვდილი ჰქონდა მისჯილი.
თქვენ ხომ ზუსტად იცით, რომ მსახიობები, რეჟისორები, ჟურნალისტები, მწერლები და პოეტები, რომლებიც დღეს იდევნებიან სრულიად უდანაშაულოები არიან? ხომ ზუსტად იცით, რომ გზის გადაკეტვისა თუ ნიღბის ტარების გამო არცერთი ადამიანი ციხეში არცერთი წუთის გატარების ღირსი არ არის?
მაგრამ ჩუმად ხართ.
არავინ გთხოვთ თავგანწირვას, სამსახურიდან წამოსვლას, ქუჩაზე გაწოლას, პროკლამაციების დარიგებას… არავინ. რა უფლებით?
მაგრამ სიტყვა შეაწიო უდანაშაულოდ დევნილ შენს თანამოქალაქეს მოქალაქეობრივი მინიმუმია. პარადოქსულად, ეს მინიმუმი ამავდროულად ზნეობრივი მაქსიმუმიცაა. იმიტომ, რომ ყველა თანადგომა ზნეობრივი მაქსიმუმია. თანადგომაში ბევრი და ცოტა არ არსებობს. თანადგომა არ იზომება. ნებისმიერი თანადგომა ნიშნავს, რომ შენ ადამიანი დაინახე. დაინახე მებაჟეში, ქურდში, მეძავში, ცოდვილში და მტერშიც კი.
და თუ შენ მტერში კი არა, მეგობარშიც ვეღარ ხედავ ადამიანს, როგორ ფიქრობ, რა იქნება შენი საზღაური?




