ლევან ღამბაშიძე: …რომელიც მუდამ შეგვახსენებს, რომ ვართ ვიღაც მდიდარი ხალხის მსახურობისთვის დაბადებული არარაობები

“ვიკიპედია გვამცნობს:

“მონუმენტი (ლათ. monumentum<moneo — მოვაგონებ) — ქანდაკებასა და არქიტექტურაში, დიდი ზომის ძეგლი, რომელიც ეძღვნება მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას, გამოჩენილ მოღვაწეს და ა. შ. მონუმენტი არქიტექტურულ ანსამბლში ზოგჯერ იდეურ და მოცულობით-დომინანტურ როლს თამაშობს.”

გმირთა მოედანი არის გმირთა მოედანი. გმირები დიდები არიან. მათი ძეგლიც დიდია და დომინირებს სივრცეზე. იმიტომ რომ ასე უნდა იყოს. ასეა კარგი მეხსიერებისთვის. დიდი უნდა გახსოვდეს სულ და ამიტომაც უნდა გამოირჩეიდეს “არქიტექტურულ ანსამბლი”.

გმირთა მოედნის გვერდით კორპუსების ჩადგმა არის მონუმენტის გაუქმება. არის სივრცის დაშლა და დაქუცმაცება, პროპორციების მოშლა, მნიშვნელობების გაქრობა. მონუმენტი გადაიქცევა ხედად ასი მილიონერის ფანჯრიდან, ხოლო თავად ის კორპუსები იქცევა მონუმენტად, რომელიც მუდამ შეგვახსენებს, რომ ვართ ვიღაც მდიდარი ხალხის მსახურობისთვის დაბადებული არარაობები.

ეგ არაფერი. მაგათზე მდიდრებიც ლაღად აუყვანიათ ეშეფოტზე და უფრო დიდი ქონებაც მტვერად უქცევია ხალხს. დროის საკითხია ეგ. უბრალოდ რატომ უნდა გავიაროთ ეს ტანჯვა-წამება ეგ არ მესმის. ყველა ავტორიტარი ერთნაირად თავდაჯერებული იდიოტი რატომ არის?

პ.ს. ადამიანი საბოლოო ჯამში ადამიანია. პოლიტიკური ორიენტაცია მეორადია. ხოდა აი ადამიანებივით იდგებით საცობში, ადამიანებივით დაიგლიჯავთ ნერვებს და ადამიანებივით ამოიხრჩობით დაბინძურებული გარემოში სანამ ის, ვისაც თქვენ ჯიუტად ირჩევთ უფრო და უფრო ჯანსაღ და მშვიდ ცხოვრებას არ იწყობს. ადამიანურად შეხედეთ ამ ძალიან დიდ დანაშაულს და არა როგორც ვიღაცის ამომრჩეველმა,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფისი .

ცნობისათვის, 28 დეკემბერს თბილისის საკრებულოს სხდომაზე ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმა დამტკიცდა, რომლის ფარგლებშიც ადგილზე ორი 52 და 40-სართულიანი ცათამბჯენი აშენდება.
საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ამბობდნენ, რომ ეს პროექტები ქალაქს საფრთხეს უქმნის და ხაზს უსვამდნენ, რომ ცათამბჯენები თბილისის ცენტრალურ ნაწილში შენდებოდა, სადაც საცობები გახშირებულია. წინააღმდეგობისა და კრიტიკის მიუხედავად, “ქართულმა ოცნებამ” პროექტი დაამტკიცა.