“ქრისტეს რომ სცოდნოდა, რომ მისი წამების დღეს მისი ყველა მეგობარი აორთქლდებოდა და მისი უსაყვარლესი მოსწავლე უარყოფდა მასთან ახლობლობას… რომ სცოდნოდა, რომ ჯერ მისი სახელის ხსენების გამო დახოცავდნენ ხალხს, ხოლო მოგვიანებით მისი სახელით… ეს ყველაფერი რომ სცოდნოდა, მაინც გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა?
მიხვდებოდით ალბათ რომ ყალბი შეკითხვაა. იცოდა ეს ყველაფერი. თავად უთხრა პეტრეს, რომ ის გასცემდა. იცოდა, რომ ბევრი გაუგებრობა იქნებოდა მის სახელთან დაკავშირებული და ამიტომ აფრთხილებდა მოსწავლეებს, რომ ზედმეტი ძალაუფლება არ მოეხვეჭათ და მხოლოდ ის ექადაგათ, რას მისგან შეიტყვეს.
და რას ვსწავლობთ ჩვენ მისი ამ წინასწარ დაგეგმილი თავგანწირვისგან?
შენ კი ცხოვრობ ადამიანებთან ერთად, მაგრამ თავისუფალი ხარ ინდივიდუალურად. შენი თავისუფლება მათ ქმედებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. შენ შენი გასაკეთებელი უნდა გააკეთო და მათ თავიანთი. ვერც ისინი არიან შენს ქმედებებზე პასუხისმგებლები და ვერც შენ მათსაზე.
თუ გრძნობ რომ უბრალოდ სხვანაირად მოქცევა არ შეგიძლია, უნდა მოიქცე ისე, როგორც ამას გული გკარნახობს, მიუხედავად იმისა, შენს ქმედებას მოჰყვება თუ არა სასურველი შედეგი ხვალვე. ამ მხირვ მოტივს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე შედეგს. შენ თუ წრფელად აკეთებ იმას, რისიც გწამს, მაშინ შენთვის წარუმატებლობა არ არსებობს. მცდელობა უკვე წარმატებაა.
შეიძლება შენს ქმედებას ხვალ შედეგი არ მოჰყვეს… შეიძება იმათმაც კი ვერ გაგიგონ, ვინც ყურადღებით გისმენდა… მაგრამ უნდა გჯეროდეს, რომ სამყაროში არანაირი ენერგია უკვალოდ არ იკარგება. უნდა გჯეროდეს, რომ როდესმე ის შენი ნათქვამი მივა ადრესატამდე და ეგ იქნება შენი კვალი ამ ცხოვრებაში. შეიძლება ამას ვერ მოესწრო, მაგრამ გალილეო და ბრუნო მოესწრნენ აღიარებას? ჭავჭავაძე მოესწრო დამოუკიდებელ საქართველოს? 9 აპრილს დაღუპული გმირები მოესწრენენ საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოსვლას?
უნდა გჯეროდეს და მეტიც! უნდა იცოდე: ნებისმიერი მორალური ქმედება წარუშლელი კვალია. უნდა გჯეროდეს, რომ თუ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნა ვერ გააქრო საბჭოთა კავშირმა ქართული ცნობიერებიდან, არც შენი ქმედება გაქრება უკვალოდ.
და რაც მთავარია, უნდა ზრუნავდე არა საკუთარ თავზე, არამედ სხვაზე. იმაზე, ვინც შეიძლება ჯერ არც დაბადებულა. იმაზე ვინც შენს მერე უნდა იცხოვროს. იმაზე, ვისაც შენ ვერასდროს გაიცნობ, მაგრამ რომელიც გიყვარს შენს თავზე მეტად და ამიტომ მზად ხარ შენი თავი გაწირო მისი კეთილდღეობის გამო.
ამას ჰქვია ერისკაცობა. ღვაწლი. წმინდანობა… რაც გინდათ ის დაარქვით.
და ამას ვხედავთ დღეს დატყვევებულ ხალხში. ვხედავთ ქალს, რომელმაც უსამართლო ბოდიშის მოხდას სიკვდილი ამჯობინა; ახალგაზრდებს, რომლებიც ციხეში მყოფნი გარეთ მყოფებს ამხნევებენ; დედებს, რომლებმაც თავად გადაიბარეს შვილებისაგან დროშა და მამებს, რომელბიც სხვებზე ისე ზრუნავენ როგორც საკუთარ შვილებზე.
და თქვენ ფიქრობთ რომ ეს სილამაზე რამემ შეიძლება დაამარცხოს?
გაიხედეთ მომავალში და წარმოიდგინეთ რა იბადება ეხლა და რა დაიბადება დღევანდელობიდან მომავალში. წარმოიდგინეთ ის მომავალი და ცოტა დაფიქრდით, თქვენ რა როლის შესრულება გინდათ ამ ყველაფერში.
ეს ბრძოლა, რაც დღეს მიდის საქართველოში, უკვე ჩვენი გამარჯვებით არის დასრულებული. ოღონდ ჯერ არა. ჯერ კიდევ წინ გვაქვს რთული დროება. მაგრამ გავივლით. გავივლით ღირსეულად, გავივლით მშვიდობიანად და სწორედ ამ ჩვენი მშვიდობით ამოვთხრით საქართელოდან იმ ბოროტებას, რამაც ჯერ კიდევ ორასი წლის წინ დაიდო ჩვენთან ბინა.
აი ეს ყველაფერია მოქცეული მარო მაყაშვილის უკვდავ სიტყვებში: გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – წერს სოციალურ ქსელშ ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.