ფაქტია, რომ “ქართულ ოცნებაში” არის ძალიან სერიოზული რღვევა, ნგრევა. მათ სამარცხვინოდ გააგდეს სუს-ის ყოფილი უფროსი, ბატონი ანრი ოხანაშვილი. საშუალებაც კი არ მისცეს, რომ ბრიფინგზე თავად გამომშვიდობებოდა ამ თანამდებობას , – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ანრი ოხანაშვილის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დატოვება.
როგორც ლევან სანიკიძემ ჟურნალისტება განუცხადა, “ანრი ოხანაშვილს იმ რაოდენობის იაღლიშები დაუგროვდა, რომ 4 ოქტომბრამდე “ქართულ ოცნებას” სუს-ის უფროსის ცვლილება მოუწია”.
“როდესაც ასეთი ძირეული ცვლილება ხდება, ეს მიშნავს, რომ ხელისუფლება არის ჩამონგრეული, ისინი ვერ უძლებენ იმ წნეხს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა”, ლევან ხაბეიშვილი უქმნის. ასე, რომ ის გადაყვა ბაჩიაშვილის საქმეს. დაუგროვდა ოხანაშვილს ცოდვები, იმ რაოდენობის იაღლიშები, რომ ძალიან საკვანძო მომენტამდე, 4 ოქტომბრამდე “ქართულ ოცნებას” სუს-ის უფროსის ცვლილება მოუწია. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ბოლო ორ ვეზირზე არის გაკეთებული გათვლა, ეს არის მდინარაძე-კობახიძის გუნდი, რომელიც ჩემი აზრით, ვერ გაუძლებს იმ ზეწოლას, რომელიც ამ შემოდგომაზე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარედან იქნება”, – განაცხადა სანიკიძემ.
ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ პოზიციაზე პრემიერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგინა.
