ლევან სანიკიძე – უმჯობესი იქნებოდა, რომ ეუთოს გენმდივნის ვიზიტი არ ყოფილიყო, თუმცა რახან ეს გადაწყვეტილებაა მიღებული, დარწმუნებული ვარ, შეხვედრაზე ახალი არჩევების ჩატარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გზავნილები იქნება დასმული

უმჯობესი იქნებოდა, რომ ამ გზავნილების გადაცემა „ოცნებისთვის“ ამ ფორმით არ მომხდარიყო – ასეთი ორგანიზაციის წარმომადგენლები, როგორც წესი, ჩამოდიან მოლაპარაკებებისთვის, რომ კიდევ სცადონ ხელისუფლების მობრუნება,- ასე შეაფასა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან სანიკიძემ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტი.
ლევან სანიკიძე ფიქრობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ეუთოს გენმდივნის შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, ახალი საპარლამენტო ს ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას შეეხებოდა.
„უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს ვიზიტი არ ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც საჭიროების შემთხვევაში დასავლეთი „ჰეზბოლასა“ და „ჰამასს“ ესაუბრება და რამენაირად, რომ გადასცენ მესიჯები „ქართულ ოცნებას“, რომლის მთავარი მიზანიც არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გამოშვება. თუმცა მიგვაჩნია, რომ დასავლეთისგან დამატებითი პროპაგანდისტული საკვები „ოცნებას“ არ უნდა მიეწოდოს, მაგრამ რახან მიღებულია ეს გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ, რომ შეხვედრაზე ახალი არჩევების ჩატარების, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზავნილები იქნება პირდაპირ დასმული. მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, რომ ამ გზავნილების გადაცემა „ოცნებისთვის“ ამ ფორმით არ მომხდარიყო.
ასეთი ორგანიზაციის წარმომადგენლები, როგორც წესი ჩამოდიან მოლაპარაკებებისთვის, რომ კიდევ სცადონ ხელისუფლების მობრუნება, იმ კრიტიკულ წერტილამდე, რომელსაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ჰქვია“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია. ის დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია, შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ასევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვევა.