ეს არის თანამშრომლობა ბარიერის გადალახვისთვის, მეორე ადგილისთვის და იმისთვის, რომ რამენაირად „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები პოლიტიკური ველიდან ჩააჩოჩონ და ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქართული ოცნება აიხდინონ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შორის ადგილობრივი არჩევნების საკითხზე, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას გამოეხმაურა.
როგორც სანიკიძემ ამავე თემაზე საუბრისას აღნიშნა, „ამ ორ ბარიერის ძლივსგადამლახავ ორგანიზაციას არავითარი მათემატიკური შანსი არ აქვს რაიმე შედეგი დადოს თვითმმართველობის არჩევნებში“.
„ეს არის თანამშრომლობა ბარიერის გალახვისთვის, თანამშრომლობა მეორე ადგილის დაკავებისთვის და ეს არის თანამშრომლობა იმისთვის, რომ იქნებ რამენაირად „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები პოლიტიკური ველიდან ჩააჩოჩონ და ბიძინა ივანიშვილთან ერთად აიხდინონ ქართული ოცნება. ეს არის მათი მიზანი – მეორე ადგილი, ბარიერის გადალახვა და 70-დან 100 კაცამდე საქართველოს საკრებულოებში ვითომ ძალმოსილების ქონა. მეტი არ არის. ჩემი წინა გამომსვლელი [ბერდია სიჭინავა] რომ ამბობდა „აღვირახსნილი, აღვირახსნილიო“, ჯერ ამ სიტყვასთან ფრთხილად იყოს. და მერე, რომ საუბრობდა არჩევნებს როგორ ჩაშლიან, უბნებს ხომ არ დაარბევენო… ბოდიში მომითხოვია, მაგრამ მისი გაქცეული ლიდერისგან განსხვავებით, ჩვენ სკოლის დირექტორებს გულებს ვერ დავუხეთქავთ, ია კერძაიას როგორც მოექცა. მისი უფროსი არჩევნების ძალიან გამოცდილი გამყალბებელი და რეპრესიების ჩამტარებელია. ზუგდიდში როგორც იქცეოდა და 2020 წლის არჩევნებზე როგორ იქცეოდა, მთელმა ერმა ვნახეთ, მაგრამ არა უშავს, შეურიგდნენ ჯერ იმ ადამიანებს, რომლებიც დადიოდნენ წერილ-წერილ, როგორ ჩაუშალა გახარიამ ანაკლიის პროექტი და მაშინ, სხვადასხვა ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას რომ ითხოვდნენ. ჯერ ამაზე მორიგდნენ ძვირფასები და მერე გველაპარაკონ ჩვენ.
5 ოქტომბერს ეს ხალხი რას აპირებს? მოიგებენ რამეს? ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ხალხო, ამ ორ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ბარიერის ძლივსგადამლახავ ორგანიზაციას არავითარი მათემატიკური შანსი არ აქვს, რაიმე შედეგი დადოს. რაც შეეხება იმას, ჩვენ რას ვაპირებთ – 5 ოქტომბრამდე ჩვენ ვაპირებთ აქტიური კამპანიის წარმოებას. აქ სერიოზული განცხადება რომ გააკეთა სერიოზული სახით ჩემმა წინამორბედმა [ბერდია სიჭინავამ გადაცემაში], გახარიას ყველაზე დიდი საგარეო კონტაქტები აქვსო, ჩვენ ისეთი საერთაშორისო ვიზიტები გვექნება, როგორიც ახლა გვქონდა დიდ ბრიტანეთში. მათი წარმომადგენელი ბოლოს როდის იყო, ვის შეხვდა და რა რანგის შეხვედრა ჰქონდა ის თქვას, სანამ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაეჯიბრება. ახლა რომ „ჩალიჩობენ“ ევროპის სოციალურ პარტიაში გაწევრიანებას, ჩვენ რამდენი წელია ვართ ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახის EPP-ის წევრი და ახლა გავხდით პირველად საქართველოში, ამ ევროპის ახალგაზრდული სახალხო პარტიის წევრები. ვის ეჯიბრებიან და რას ეჯიბრებიან?“- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
გარდა ზემოაღნიშნული თემისა, სანიკიძემ ისაუბრა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის ფაქტზეც. სანიკიძის შეფასებით, აღნიშნულით „ბატონს [ბიძინა ივანიშვილს] მიართვეს მისი ყოფილი თანაშემწის თუ ბიზნესპარტნიორის ნაცემი სახე“.
„ეს ააშკარავებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაუბრუნდა თავის 90-იანი წლების სახეს. ამ კაცს არაფერი შეუცვლია, რუსეთში როგორც იშოვა მილიარდები, ზუსტად იმავე მეთოდებს იყენებს – ბანდიტური მეთოდები. ივანიშვილს აღარც სასამართლო უნდა, აღარც ფინანსური პოლიციით ანგარიშსწორება, აღარც პროკურატურით, აღარც შსს-თი. არა – საკანი, ბნელი ღამე და ზონდერი. ეს არის ივანიშვილის ლოგიკა. ბატონს მიართვეს მისი ყოფილი თანაშემწის თუ ბიზნესპარტნიორის ნაცემი სახე. ეს არის, ამ მდგომარეობამდე მივიდა და მერე იკითხავენ, ევროპელებს ასეთი სახელმწიფო რატომ არ უნდათო. ქართველები უნდათ ევროპაში, მაგრამ ივანიშვილი არ უნდათ. როგორც ლუკაშენკოა, ასეთი კაცი გვმართავს. შეიძლება ლუკაშენკოს მეტი ღირსებები ჰქონდეს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. აქამდე მივედი. რა ვიცი, კატასტროფაში ვართ. მერე ნურავის გაუკვირდება, რომ ამრეზით უყურებენ ქართულ სახელმწიფოს. ჩვენი მთავარი მოტივაციაა, რომ როდესაც მსოფლიოს ახალი წესრიგი ყალიბდება, როდესაც ისტორიული შანსი გვაქვს, მივიღოთ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გარანტიები მივიღოთ, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ დროს დროს ვკარგავთ რაზე – ბიძია ივანიშვილის ვენდეტებში: რამდენი ბიტკოინი დაუბრუნა ბაჩიაშვილმა და რამდენი არ დაუბრუნა. ამის გამო კაცი ციხეში ლამის რომ მოკლა ცემით, ეს არის ნორმალური? ამაზე უნდა მიდიოდეს ჩვენს სახელმწიფოში საუბარი? ეს ვითარება უნდა იდგეს? არა, მე მგონია, რომ ამ ქვეყანას დიდი პერსპექტივა აქვს და ეს ბიძინა ივანიშვილს ფეხებზე ჰკიდია“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
