ეს ივანიშვილის რეჟიმის მორიგი ბანდიტური თავდასხმაა. ისინი ფორმალურადაც აღარ იცავენ სისხლის სამართლისა და საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ არც ერთ პროცედურას, ეს კარგად გამოჩნდა როგორც ნიკა მელიას, ისე გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან სანიკიძემ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც სანიკიძე განმარტავს, „როდესაც პოლიტპატიმრები ციხეში არიან, ოპოზიციური პარტიების პოზიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“.
„დღეს, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ველზე პერსონალური ვენდეტებით მოძრაობს. ეს კი პოლიტიკური ცხოვრების ახალი ეტაპია. მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი და სხვა პოლიტპატიმრები ციხეში არიან და ამ ადამიანთა რაოდენობა მზარდია, განსაკუთრებული ყურადღება ჩვენს პოზიციას ენიჭება, ოპოზიციური პარტიების პოზიციას – ვხვდებით თუ არა ერთიანი სისტემის ნაწილი და რეალურად, ერთიანობით ვუპირისპირდებით თუ არა ივანიშვილს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სათითაოდ, არამარტო ოპოზიციონერს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება, რომ არ არის დაბადებული ივანიშვილის კეთილდღეობისთვის, ადრე თუ გვიან ელის ის, რაც ნიკა მელიას ბედად ხვდა.
ნიკა მელიას და მის დაცვის თანამშრომლებს ტელეფონები წაართვეს, მანქანაში დამონტაჟებული ვიდეო კამერა მოგლიჯეს, ეს იყო კლასიკური პროვოკაცია, რომელიც ბანდფორმირებების მაგივრად განახორციელეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. წარმომადგენლებმა. ასეთი ისტორიები 90-იან წლებში ხდებოდა თბილისში ბანდ ფორმირებების მიერ, დღეს კი ამას, ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აკეთებინებს“, – განაცხადა სანიკიძემ.
მისივე განმარტებით, მოცემულ პოლიტიკურ ვითარებაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზეც ფიქრიც კი შეუძლებელია.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იყო ცხადზე უცხადესი, ამ პირობებში, როდესაც პოლიტპატიმრების რაოდენობა არის მზარდი, ცენტრალური საარჩევნო კომისია არის, როგორიც არის – რომ ადმინისტრირება ირაკლი კობახიძემ უნდა გაწიოს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი არ არის დანიშნული, რომ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები რეპრესიების ქვეშაა, უბრალოდ შეუძლებელია თვითმმართველობის არჩევნებზე ფიქრიც კი, მაგრამ რამდენიმე ოპოზიციური პარტია ჯერ კიდევ ყოყმანობს. „ქართული ოცნების“ ქმედება, მანამდე ზურა ჯაფარიძის დაკავება და დარწმუნებულიო ვარ, რომ ნიკა გვარამიასაც დააკავებენ, ქმნის ადამიანურ, მორალურ, პოლიტიკურ დილემებს, როგორ შეიძლება იფიქრო სიტუაციის ნორმალიზებაზე და არჩევნების ნაცვლად რუსულ სპეცოპერაციაში გასვლაზე. მიმაჩნია, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები იძულებულები გახდებიან, რომ თავიანთ რიტორიკას გადაუხვიონ და მკაფიოდ დააფიქსირონ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
