ლევან სანიკიძე – ივანიშვილი არის სრულ ისტერიკაში – 26 ოქტომბრის საღამოს ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ახალი ქართული სახელმწიფოს დაბადება

არჩევნებამდე ორი დღით ადრე მსგავსი ტიპის რეპრესიები მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთზე – ივანიშვილი არის სრულ ისტერიკაში. 26 ოქტომბრის საღამოს ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ახალი ქართული სახელმწიფოს დაბადება, – ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ, ისე როგორც Atlantic Council-ის ოფისში კი პოლიციის ჩხრეკა ჩატარდა.
როგორც სანიკიძემ განმარტა, 26 ოქტომბრის საღამოს 20:00 საათზე, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ახალი ქართული სახელმწიფოს დაბადება იქ, „სადაც არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც შიშსა და რეპრესიებზე არიან ორიენტირებულები“.
“არჩევნებამდე ზუსტად 2 დღით ადრე, მსგავსი ტიპის რეპრესიები მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთზე – ივანიშვილი არის სრულ ისტერიკაში. ჩვენ გუშინ ვნახეთ თავისუფლების მოედანზე მისი მონური მოწოდებები, ამის ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იქნება 26 ოქტომბრის საღამოს 20:00 საათზე, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ახალი ქართული სახელმწიფოს დაბადება. იქ, სადაც არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც შიშზე, რეპრესიებსა და ამ ქვეყნის მომავლის წართმევაზე და მტრისთვის ბოდიშის მოხდაზე არიან ორიენტირებული.
ნამდვილად არ არის გასაკვირი, რასაც აკეთებენ, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მათ შორის დაგვიანებულია და მათი მისია ამ ქვეყნის გარუსების შესახებ არ შესრულდება“,-განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. „ფორმულას“ ინფორმაციით, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა. ასევე პოლიციამ ჩხრეკა დაასრულა Atlantic Council-ის ოფისში. პარტია „ფედერალისტების“ წევრის, გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლსა და მისი მეუღლის ოფისში Atlantic Council, სავარაუდოდ უკავშირდება ამავე კომპანიის საქმიანობას.