ლევან სანიკიძე – გახარია არის სერიოზული შანტაჟის ქვეშ, მის თავზე დამოკლეს მახვილი დაკიდეს – მიუხედავად იმისა, რომ გახარიას გუნდი ყოველთვის ოლიმპოდან გველაპარაკება, ეს ცალსახა პოლიტიკური დევნაა

როდესაც ერთხელ წახვალ კომპრომისზე ბიძინა ივანიშვილთან, განსაკუთრებით 26 ოქტომბრის შემდეგ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მას [გიორგი გახარიას] მეორედაც კომპრომისზე წასვლას სთხოვენ, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაბარების ფაქტს.
სანიკიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეჭვობენ, რომ გიორგი გახარია ძალიან სერიოზული პოლიტიკური შანტაჟის ქვეშაა.
„როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2008 წლის ომში საქართველოს არჩაბარების გამო ასამართლებენ, საერთოდ გასაკვირი არ არის, რომ ჩორჩანის საგუშაგოს ეპიზოდზე გიორგი გახარიაც გაასამართლონ. ამიტომ მე თავიდანვე მიმაჩნდა სისულელედ და ამორალურად, როდესაც ს ფედერაციასთან და ოკუპაციასთან მეომარ პარტიას ტოლობის ნიშანს „ქართულ ოცნებასთან“ უსვამდნენ, რომელიც ამ ქვეყნის 100%-ის ოკუპაციას ცდილობს. შესაბამისად, ამ საკითხში გიორგი გახარია არ არის გამონაკლისი. თუკი მიხეილ სააკაშვილს მთლიანი საქართველოს არჩაბარების გამო ასამართლებენ, შესაძლებელია გიორგი გახარია ჩორჩანის არჩაბარების გამო გაასამართლონ.
თავიდანვე ს ფორმატში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ კომისიასთან არ ითანამშრომლებდნენ. მე რამდენადაც მახსოვს, მეორე თუ მესამე დღეს, გახარიამ პირობა დაარღვია და კომისიაზე მივიდა. ჩემთვის მაშინაც უცნობი იყო, როგორც პარლამენტის დეპუტატი მივიდა, თუ როგორც ოპოზიციონერი, იმიტომ, რომ მას ჯერ კიდევ არ აქვს შეწყვეტილი პარლამენტის მანდატი.
როდესაც ერთხელ წახვალ კომპრომისზე ბიძინა ივანიშვილთან, განსაკუთრებით ამ დროს, 26 ოქტომბრის შემდეგ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მას მეორედაც კომპრომისზე წასვლას სთხოვენ. ჩვენს გუნდს საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ გიორგი გახარია არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ. მის თავზე დამოკლეს მახვილი დაკიდეს ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით.
ქართულმა საზოგადოებამ მას [გიორგი გახარიას და მის გუნდს] საშუალება არ მისცა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო ანუ მას [გიორგი გახარიას] ყურადღების გამახვილება საზოგადოებრივ აზრზე მოუწია (მე რამდენადაც ვიცი, მისი გუნდის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და პარლამენტში არ შევიდა). „ქართული ოცნებას“ [სურს] თავი დაიზღვიოს, რომ იგივე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არ მოხდება, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მიზნით ეს მიმდინარეობდეს.
მიუხედავად იმისა, რომ გახარიას გუნდი არავის მიმართ სოლიდარული არ არის და ყოველთვის ოლიმპოდან გველაპარაკება, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს ცალსახა პოლიტიკური დევნაა, თუმცა რას ემსახურება? – ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მისი შესვლის გარანტირებას ემსახურება“, – განაცხადა სანიკიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მეორედ დაიბარა. წულუკიანის თქმით, გახარია კომისიის 23 ივნისის სხდომაზეა დაბარებული.