ლევან სანიკიძე – აქციის მისაკუთრებას არავინ უნდა ეცადოს, ეს არის ძალიან უმადური საქმე – ის სახალხო პროცესია, რომელსაც ვერ ეყოლება თავში ვერც ერთი კაცი, ვერც ერთი ქალი

მე მგონია, რომ აქციის მისაკუთრებას არავინ უნდა ეცადოს. ეს არის ძალიან უმადური საქმე. მე არ მგონია, რომ ადამიანები რუსთაველის გამზირზე, ვინმე კონკრეტული, ერთი პიროვნების მოწოდების შედეგად მივიდნენ. ეს არის საერთო სახალხო პროცესი, მით უმეტეს, 26 ოქტომბერზე როდესაც ვსაუბრობთ, ბატონი ბოკერიას პარტია არჩევნებში საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას, – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის აქციაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს გაყალბება „ქართველ ხალხს“ ივანიშვილისთვის არ უპატიებია.
ლევან სანიკიძის თქმით, ასეთი აქციების გამართვა პერიოდულად, მნიშვნელოვანი გზავნილია ქვეყნის შიგნით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროტესტში ყოველდღიურად არიან ჩართული და ასევე, მნიშვნელოვანი გზავნილია ქვეყნის გარეთ პარტნიორებისთვის, რომ საქართველოში საპროტესტო ტალღა არსად გამქრალა.
„თავისუფალი მოქალაქეები შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ქვეყანაში არის არალეგიტიმური პარლამენტი და 2024 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილმა მიიტაცა ამ ქვეყანაში ხელისუფლება, სწორედ მაშინ დაიწყო ის ერთი ციკლი, რომელიც ადამიანებს რუსთაველის გამზირზე ლამის სიცოცხლის ხელყოფის ფასად დაუჯდათ.
მე მგონია, რომ აქციის მისაკუთრებას არავინ უნდა ეცადოს, ეს არის ძალიან უმადური საქმე. მე არ მგონია, რომ იქ ადამიანები, ვინმე კონკრეტული, ერთი პიროვნების მოწოდების შედეგად მივიდნენ. ეს არის საერთო სახალხო პროცესი, მით უმეტეს, 26 ოქტომბერზე როდესაც ვსაუბრობთ, ბატონი ბოკერიას პარტია არჩევნებში საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას, ბიულეტენზე არ იყო დატანილი, ამიტომ მისი აქცია ეს ვერ იქნებოდა. სახალხო პროცესია, რომელსაც ვერ ეყოლება თავში ვერცერთი კაცი, ქალი. ეს არის პროცესი, რომელიც გამარჯვებით დასრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება ჯანსაღი ოპოზიციური ძალების სრული და აბსოლუტური კონსოლიდაცია,“ -განაცხადა სანიკიძემ.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიების აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზეც ისაუბრა, რომელიც სასამართლოში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში შევა.
„სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა არის ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ მორჩილი დამოკიდებულების მატარებელი, შესაბამისად, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში არავითარი დემოკრატიული პროცესის იმედი არ გვაქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს სტრატეგიაზე, როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის აქტუალიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ამ ნაბიჯების შესახებ საზოგადოებისთვის, სულ მალე გახდება ცნობილი და ნახავენ იმ სტრატეგიას, რომელიც ჩვენ გუნდს აქვს არჩეული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ყველაფერს გაიგებთ, აქტიური მუშაობა მიდის. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის ცალსახად პოლიტიკური რეპრესიის პროცესი, შესაბამისად, გაიგებთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც მოემსახურება ამ პროცესიდან ივანიშვილის უფრო სუსტ მდგომარეობაში აღმოჩენას, ვიდრე ამ გადაწყვეტილებამდე იყვნენ.
ჩვენ არ გვინდა, რომ მოვლენებს გავასწროთ, ეს რამდენიმე დღის ამბავია, რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი გახდება, რა იქნება. ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ მხრიდანაც აბსოლუტურად არის დეკლარირებული, რომ ამ 13 წლის განმავლობაში ვინც უწევს მედგარ წინააღმდეგობას, ისინი არიან მთავარი სამიზნეები, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტებები და ინფორმაციის მოწოდება მოხდება იმასთან დაკავშირებით, როგორ, რა ფორმით აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესში ყოფნას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თვალსაზრისით, საკუთარ სტრატეგიას აირჩევს და ამ სტრატეგიის განხორციელებაში იქნება დამოუკიდებელი.
სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც დამაზიანებელი იქნება არამხოლოდ ივანიშვილის რეჟიმისთვის, არამედ, კიდევ ერთხელ დააფიქსირებს მსოფლიოს მასშტაბით, რომ ქვეყანაში დიქტატურაა“, – განაცხადა სანიკიძემ.
ამასთან, მან ისაუბრა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ ბოიკოტის შეწყვეტაზე და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაზე. სანიკიძის შეფასებით, გიორგი გახარიას პარტიის ეს ქმედება „ბრძოლის ღალატია“.
„მგონია,რომ უბრალოდ ბრძოლის ღალატია და ამ ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ, ვიწრო პარტიულ, მერკანტილურ ინტერესებს და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს, რომელთათვისაც პირიქით, ივანიშვილის პარლამენტში ერთპარტიული ყოფდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამით ივანიშვილი საერთაშორისო იზოლაციაც მნიშვნელოვნად ექცევა, ვიდრე გახარიას პარტიის 12 წარმომადგენლის (პარლამენტში) ყოფნა, რომელთა პირველადი მიზანიც არის თვითგადარჩენა, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური“, – განაცხადა სანიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციასთან? მის ბრალეულობას ვერ ვხედავ – თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა დაენახა?