ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა პასუხი უნდა გასცენ, რატომ დაწერეს მე-2 და მე-3 ადგილზე ის პარტიები, რომლებიც მათი ლეგიტიმაციის თამაშებში მონაწილეობენ. ვინმეს სჯერა, რომ „გორბის“ კვლევა ნეიტრალურია? – ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ სისტემური ოპოზიცია ჰყავდეს და ზოგი ნებსით თუ უნებლიედ ამას აკეთებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ კვლევის მიზანი იყო, დაეკნინებინათ იმ პარტიების როლი, რომლებიც 4 ოქტომბრის არჩევნებში არ მონაწილეობენ და ამომრჩევლები დაერწმუნებინათ, რომ „ბიძინა ივანიშვილის ლეგიტიმაციის თამაშებში მონაწილეობა მიიღონ“.
„როგორც 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება, ისე „გორბის“ კვლევა, კვლევა არ არის. „ქართულ ოცნებას“ უნდა ვკითხოთ თუ რატომ გადაწყვიტა ოპოზიციური პარტიების ასე გადანაწილება. ამ კვლევას სოციოლოგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ნებისმიერი ნეიტრალური კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა 70% არ არის მომხრე 4 ოქტომბერს რუსულ სპეცოპერაციაში შესვლის. ეს რიცხვები და ციფრები, რომელსაც „ქართული ოცნება“ და მისი პროპაგანდისტული მედია გვაჩვენებს, მანიპულაცია და მცდელობაა, რომ რაღაცნაირად ამომრჩევლები დაარწმუნონ, რომ ივანიშვილის ლეგიტიმაციის თამაშებში მონაწილეობა მიიღონ.
ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა პასუხი უნდა გასცენ თუ რატომ დაწერეს მე-2 და მე-3 ადგილზე ის პარტიები, რომლებიც მათი ლეგიტიმაციის თამაშებში მონაწილეობენ. ვინმეს სჯერა, რომ „გორბის“ კვლევა ნეიტრალურია? „გორბის“ კვლევა საერთოდ ჩატარებულია? ამის ვის სჯერა? შესაბამისად, ამ თაბახის ფურცლის გარჩევაში მთავარი ამბავია, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ სისტემური ოპოზიცია ჰყავდეს და ზოგი ნებსით თუ უნებლიედ ამას აკეთებს.
ღმერთმა უწყის თუ რა იყო „გორბის“ მიზანი. მისი მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ „ქართულ ოცნებას“ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და რაღაცნაირად იმ პარტიების როლი დაეკნინებინა, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმთან არ თანამშრომლობენ. ნებისმიერი კვლევა აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ზრდა აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ როცა შემდეგი მიუკერძოებელი ორგანიზაციის მიერ კვლევა ჩატარდება, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა ექნება“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ასევე, ლევან სანიკიძე მედიაში გავრცელებული ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია-საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის პოზიციის ცვლილებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ობიექტური გარემოება არ აქვს.
„ლელო“ და გახარია ამბობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არ შევიდოდნენ, ხშირად ჩვენზე უფრო მძიმე რიტორიკა ჰქონდათ „ლელოს“ წარმომადგენლებს, ამბობდნენ, რომ ეს ბრძოლის ღალატი იქნებოდა, ასევე ამბობდნენ, რომ ვინც პარლამენტში დარჩა პუტინის თამაშს თამაშობს, თუმცა ყველაფერი გადათქვეს. ამბობდნენ, რომ ლეღვის ფოთოლი იქნებოდა, ვინ ამ პირობით შევა [არჩევნებში]. რას ამბობდნენ და რას არ ამბობდნენ, ნეიტრალურ კანდიდატს დააყენებენ თუ პარტიულს, მეასე ხარისხოვანია. რაც შეეხება ალეკოს, მე არ მგონია, რომ ქვეყანაში ვინმე დადიოდეს, არა თუ ალეკო ელისაშვილი, რომელიც იმ საზოგადოებრივ განწყობას შეცვლის, რომელიც პროდასავლურ ამომრჩევლებში არსებობს. როცა 70%-ზე მეტი ამბობს, რომ აპრიორი ეს არჩევნებში რუსული სპეცოპერაციაა და ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება, ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამ განწყობას.
ამ ყველაფერს მე როგორც დოღს – მეორე ადგილისთვის, ისე ვუყურებ. თუ ვინ გავა მეორე ადგილას და ვის ექნება მთავარი ოპოზიციური პარტიის მანტია, როგორც „გორბმა“ დაწერა ეს რიცხვები, ისე დაწერენ საარჩევნოდაც. როგორ წარმოგიდგენიათ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პარტიები ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის თამაშებში მონაწილეობენ, ჩვენი მხარდაჭერა ექნებათ?
მე არ მგონია, რომ ალეკო ელისაშვილის პოზიციის ცვლილების რაიმე ობიექტური გარემოება არსებობდეს. უარესი ცესკო, უფრო მეტი პოლიტპატიმარი, საზოგადოებრივი განწყობა უფრო ანტისაარჩევნოა, ამიტომ რა არის მათი მოტივაცია, ალეკო ელისაშვილს ჰკითხეთ, რადგან უფრო და უფრო იშვიათად ისმის მათ რიტორიკაში სიტყვა – “გამარჯვება”. პარტია, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ივანიშვილს დამარცხებითა და გამოგლეჯით დაიწყო, ახლა სიტყვა – გამარჯვებას ვერ იყენებს.
ჩვენ მსჯელობას ვიწყებთ ასე – 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, როგორც ვერ გააკონტროლებენ იმას თუ რას დაწერს „გორბი“, ისე ვერ გააკონტროლებ, რას დაწერს ცესკო და რა რიცხვი მოუნდება ბიძინა ივანიშვილს, რომ შენი პარტიული ნომრის გვერდით გამოსახოს. 4 ოქტომბერს ტარდება რუსული სპეცოპერაცია, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა, სიტუაციის ნორმალიზაციაა და ამას საპროტესტო ტალღის გაძლიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. პირიქით, ვინც ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას აღიარებს, რომ პროტესტის არ სჯერა.
შესაბამისად, ჩვენი პოზიცია იყო, არის და იქნება – რასაც პრაგმატული აზროვნება და ქართველი ხალხის ინტერესი გვკარნახობს, ზუსტად იმ ნაბიჯს გადავდგამთ“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
