სანქციებზეა საუბარი და ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ რეალობა მოიტანეს ხელისუფლებაში თვითმარქვიებმა, თვითონ არიან „მეგობარი აქტის“ თანაავტორები , – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას განაცხადა.
ლევან სამუშიას განცხადებით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერები ტელეეკრანებიდან „იღიმიან და დამცინავად ლაპარაკობენ, მაგრამ კამერებს მიღმა რა ვითარებაში არიან, ყველამ კარგად იცის“.
„ამ მეგობარი აქტის ერთ-ერთ თანაავტორი იმ კუთხით, რომ შესაძლოა სანქციები იყოს თვითმარქვია ხელისუფლების მიმართ, თვითონ არიან ამ ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები. რამდენი ჟურნალისტია ნაცემი, რამდენი გადაურჩა სიკვდილს და რომელიმე სისხლის სამართლის საქმე ბოლომდე მიყვანილი გინახავთ? – არცერთი. პირდაპირ ეთერში ადამიანებს თავს დასხდნენ, სცემეს, გაუსწორდნენ და სიკვდილს გადაურჩნენ. მეორე ფაქტი, ადამიანებს საღ-სალამათს აკავებდნენ და ნაცემ-ნაბეგვები, საშინელ მდგომარეობაში გამოდიოდნენ გარეთ. ვინმე იტყვის,რომ საქართველოში რამე დემოკრატიული ხდება? ქვეყანას მართავს არალეგიტიმური ხელისუფლება.
ვითარების გამოსწორება შეიძლება, გამოსწორების გასაღები არსებობს. ეს გასაღები არის ის,რომ ყველა პოლიტიკური ტყვე, რომელიც საპყრობილეშია მოთავსებული,უნდა გათავისუფლდეს და დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ვითარების გამოსწორების ერთადერთი შესაძლებლობა და შანსი. ეს არის შანსი მათთვისაც, მაგრამ თქვენ თუ გგონიათ, რომ ესენი გამოვლენ ტელეეკრანებზე და მიკროფონებთან ტირილს დაიწყებენ, ამას არ გააკეთებენ. მაგრამ თუ გგონიათ, რომ მათთვის ეს სულ ერთია, არა მეგობრებო, არ არის სულ ერთი. ისინი რას ამბობენ ცისფერ ეკრანებზე და რეალობა, სხვადასხვა რამაა.“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.
