საგამოძიებო კომისია არის ბოროტი საცირკო წარმოდგენა, რომლის მთავარი აქცენტი არის ქვეყნის „გაშავება“ და პოლიტიკური ოპონენტების დევნა! ამ დევნის მაგალითებს ვუყურებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე. ოპონენტების დევნა რომ აწყობთ, ეს არის მათი საფირმო ნიშანი,- ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი ლევან სამუშია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ლევან სამუშიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, შეიკრიბა გარკვეული პირთა წრე და საკუთარ თავს პარლამენტი დაარქვეს. ამ თვითმარქვიებმა შექმნეს საგამოძიებო კომისია.
პირველი: ეს საგამოძიებო კომისია მიმართულია ქვეყნის ინტერესების და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, საქართველოს „გასაშავებლად“.
მეორე: პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის. ვინ არიან მათი ძირითადი პოლიტიკური ოპონენტები?! – „ლელო – ძლიერი საქართველო“ და მათი ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ეს ადამიანები საუბრობენ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულები უნდა გამოვიძიოთო. რა შუაშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე? წელი არ იყო გასული, „ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობის პირობებში, როდესაც დევნის ობიექტები არ იყვნენ ჩვენი პარტიის ლიდერები. მამუკა ხაზარაძეს დაკითხვებზე ატარებდნენ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. თუ ვინმეს რაიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, სად იყვნენ ამდენი წელი?! რას აკეთებდნენ?! საგამოძიებო სტრუქტურები, სასამართლო მათია და სად იყვნენ?! ეს არის ბოროტი საცირკო წარმოდგენა, რომლის მთავარი აქცენტი არის ქვეყნის „გაშავება“ და პოლიტიკური ოპონენტების დევნა! ეს არის ჩვეულებრივი დევნა, ამ დევნის მაგალითებს ვუყურებთ მამუკა ხაზარაძეზე.
მამუკა ხაზარაძემ განაცხადა რომ ნებისმიერ დროს, თუნდაც ამათ მართულ საგამოძიებო სისტემებში ნებისმიერ საქმეზე მივა და პასუხს გასცემს. ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, თავზე ჩამოემხოთ, რომელიც თითიდან გამოწოვილი იყო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. ოპონენტების დევნა რომ აწყობთ, ეს არის მათი საფირმო ნიშანი. ეს ჩვენი პარტიის ლიდერების მიმართ გამოვლინდა და კარგად ვხედავთ.“,-აღნიშნა სამუშიამ.
