თქვენ, ალბათ, გაეცნობოდით კვლევებს – ოპოზიციური სპექტრის ერთიანობის პირობებში, უდიდესი ალბათობით, თბილისი ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდებოდა. თუ ეს ასეა და ვხედავთ, რომ ასეა, რატომ ვუთმობთ, რატომ ვამბობთ ბრძოლაზე უარს? სადაც შანსია, სადაც შესაძლებლობაა, სადაც ბრძოლა შეიძლება, ყველგან შევდივართ , – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
სამუშიას თქმით, კოალიციის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ოპოზიციის ერთიანობის მომხრე იყო, თუმცა რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამო, ერთიანობა არ შედგა.
„ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ვთქვით, რომ არ ვაღიარებთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და დავტოვეთ მანდატები, რამაც რეჟიმის დელეგიტიმაცია გამოიწვია იმიტომ, რომ ესენი არ არიან ლეგიტიმურები. ჩვენ ვიყავით პირველები და მამუკა ხაზარაძე ითხოვდა, რომ მაქსიმალურად შევკრებილიყავით და შეგვექმნა ერთობა, რაც არ შედგა. არ ჩავყვები ამის განვითარებას იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და რუსული რეჟიმის წისქვილზე წყალს არ დავასხამ და არ დავიწყებ ოპოზიციის კრიტიკას, თუ რატომ არ შედგა ეს. სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა ყველამ დატოვა და ჩვენ ბოლომდე ვიყავით იქ. ახლა ისმის კითხვა – ამ ერთობას რატომ შლიდა ეს ხალხი? ამასთან დაკავშირებით მე სიღრმეებში არ წავალ, ჩვენ ავირჩიეთ შეურიგებელი ბრძოლის გზა, მივიღეთ გამოწვევა და ვიღებთ ამ ბრძოლაში მონაწილეობას. ჩვენ იმედი გვაქვს, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას“, – განაცხადა სამუშიამ.
კითხვაზე, მართალია თუ არა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი, შესაძლოა, ალეკო ელისაშვილი იყოს, სამუშიამ უპასუხა, რომ კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა.
„მერობის კანდიდატთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა. როდესაც ამ საკითხზე იქნება საუბარი და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, ამას აუცილებლად გაიგებს ყველა. რაც არ ყოფილა, ის როგორ უნდა დავადასტურო ან როგორ უნდა უარვყო.
დაახლოებით, აგვისტოს ბოლოსთვის ჩვენი გადაწყვეტილება უკვე ცნობილი იქნება. შეიძლება ორ კვირაში, შეიძლება ოც დღეში…“ – აღნიშნა მან.
სამუშიამ ასევე შეაფასა „ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება, რომელმაც ამავე გადაცემაში თქვა, რომ გიორგი გახარია ქვეყნიდან გაიქცა და თავშესაფარს ეძებს, მისი პარტია კი მამუკა ხაზარაძეს გადააბარა.
სამუშიას შეფასებით, ჩერგოლეიშვილის განცხადება არასერიოზულია.
„ეს ყველაფერი არასერიოზულია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად გავცე პასუხი? ყველას თავისი გზა აქვს, მე არცერთ მათგანს არ ვაკრიტიკებ. მთავარი არის, რომ ჩვენ ვართ რუსული ხელისუფლების ოპოზიცია და თუ ვინმეს უნდა, რომ იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ეს მათი არჩევანია, ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციის ოპოზიციონერობას, ჩვენ ჩვენი სამიზნე გასწორებული გვაქვს და ამ შემთხვევაში, ჩვენი სამიზნე არის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.
