ლევან ნატროშვილი – პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერია თუ NGO-ებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი? უფრო დიდ საკითხებზე უნდა ფიქრობდეს, ვიდრე ჩვენი დევნაა – აბსურდია, რომ ბრიუსელმა დიდი თანხები გადმოისროლა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეა თუ სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, არ ვიცი, რადგან ეს თემა [არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა] განსაკუთრებული ინტერესის საგანია მისთვის – როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, მგონი, პარლამენტის თავმჯდომარე უფრო დიდ საკითხებზე უნდა ფიქრობდეს, ვიდრე ცალკეული ორგანიზაციების დევნაა, – ამის შესახებ „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ „ქართული ოცნების“ შეფასებებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც რომელიმე ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულ შეფასებას დებს, ავტომატურად აკრავენ იარლიყს, რომ „ქვეყანაში არეულობის შეტანის მცდელობაა“.
„რასაც ვისმენთ გადატრიალებაზე თუ რევოლუციაზე და ა.შ. – ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ, აქამდე უნდა დაწყებულიყო საქმე და ვიღაც პასუხისგებაში მიეცათ. ეს გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, დემონიზებისთვის და დისკრედიტაციისთვის. არაა გამორიცხული ამ მიმართულებით მომავალში წინსვლა ჰქონდეთ“,- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
გარდა ამისა, ნატროშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს, რომ არასამთავრობო სექტორი ბრიუსელიდან ფინანსდება მას შემდეგ, რაც USAID-დან დაფინანსებას ვეღარ იღებს. ასევე, ისაუბრა ევროკავშირის განცხადებაზე, რომ ფინანსები, რაც საქართველოს მთავრობისკენ უნდა მიემართათ, მესამე სექტორისა და მედიის გაძლიერებას მოხმარდება. როგორც ნატროშვილმა აღნიშნა, „ჯერჯერობით პოლიტიკის ასეთი ცვლილება არ მომხდარა“. მისი თქმით, „ტყუილი და აბსურდია ის, რომ ბრიუსელმა განსაკუთრებული თანხები გადმოისროლა საქართველოში“.
რაც შეეხება იმას, რომ USAID-ის პროგრამების 83%-ს ოფიციალურად უქმდება, ნატროშვილმა განაცხადა, რომ ეს მთელი ქვეყნისთვის დანაკლისი იქნება.
„ტყუილი იქნება ვთქვათ, რომ ეს დანაკლისი არაა, მაგრამ მთელი ქვეყნისთვის ასეა. რადგან ბევრი კარგი პროექტი, რაც ფინანსდებოდა, ვეღარ დაფინანსდება და აქ არაფერია სასიხარულო „ქართული ოცნებისთვის“,- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, ნატროშვილი სხვა აქტუალურ თემებსაც გამოეხმაურა, მათ შორის ისაუბრა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერებაზე და აღნიშნა, რომ „შესაძლოა, პოლიტიკური ნიშნით დევნას ჰქონდეს ადგილი“ და მიზანია, რომ „სტუდენტური პროტესტი მაქსიმალურად იყოს ჩახშობილი“.
„ლოგიკური იყო ის, რომ ყველგან, სადაც გარკვეული პოტენციალი არსებობს, რომ ადამიანები პროტესტს გამოთქვამენ და „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აკრიტიკებენ, სურთ, კერები ჩაახშონ, გამოიყენონ ამა თუ იმ საჯარო უწყების ხელმძღვანელი პირები და პროტესტს გაუსწორდნენ. ზოგადად, ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სტუდენტის სტატუსის შეჩერებას ეხება, ბევრი ფაქტორი უნდა დაგეხმაროს რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ რამდენიმე დღეში მიღებული ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, კითხვებს ტოვებს“,- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ცვლილებებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, ლევან ნატროშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია კანონებს ისე იღებს, რომ დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობა არ ხდება და ეს დიდი პრობლემაა. კითხვაზე კი, ხომ არ ემსახურება ეს ცვლილებები პროტესტის მონაწილეების განეიტრალებასაც, ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ ეს გამორიცხული არაა.
„უცებ გამოვა „ქართული ოცნების“ სპიკერი, გადაწყვეტს, ეს უნდა გავაკეთოთ და იღებენ კანონად. არანაირი დისკუსია და დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობა არ ხდება. ეს დიდი პრობლემაა. მეორე მხრივ, თემა არის იმდენად სენსიტიური, რომ არა მხოლოდ საქართველოში, ეს თემა გამოიყენება ხოლმე პოპულისტური პოლიტიკის გასატარებლად. მოსახლეობის გრძნობებზე თამაში ხდება, რადგან ეს ბევრი ოჯახისთვის, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემაა. შეიძლება, რაღაც კვლევა ჩაატარეს და ამის გამო წამოიწიეს ეს თემა, ან რაღაც სხვა იყო მიზეზი. ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ, ვნახავთ, ალბათ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. არაა გამორიცხული, ეს იყოს გაგრძელება ახალი კანონების და ცვლილებების პოლიტიკის. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ არ გვაქვს დამოუკიდებელი სამართალდამცავი უწყებები, სასამართლო და დიდი საფრთხეებია, რომ ეს რეპრესიული ინსტრუმენტები ამ მეთოდითაც იყოს გამოყენებული კონკრეტული ადამიანების მიმართ. ნარკოტიკების ჩადება იქნება თუ სხვა, შესაძლოა, იყოს დამატებითი ინსტრუმენტები რეპრესიების, რადგან სასამართლო კონტროლი საქართველოში მოშლილია, განსაკუთრებით, როდესაც მაღალი პოლიტიკური ინტერესი აქვს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ნატროშვილმა.