თინა ბოკუჩავას განცხადებაზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ისეთივე სწრაფ და მყისიერ რეაგირებას ველოდებით, როგორიც მაგალითად, მარიამ ლაშხის ან „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატის შეურაცხყოფაზე, ასევე, ისეთივე მყისიერ რეაგირებას, როგორიც საგამოძიებო კომისიის შემთხვევაში, ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გამოიჩინა პროკურატურამ. ეს ძალიან მარტივი გამოსაძიებელი იქნება, თუ ამის ნება იარსებებს, – ამის შესახებ ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ნატროშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც თინა ბოკუჩავას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებასა და მასზე ზეწოლაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები რუსეთში და სხვა ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნებში ხდება.
„ცხადია, წარმოუდგენელი ამბავია თუ ეს რეალურად ასე მოხდა. ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება. ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და სხვა ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნები. აქედან გამომდინარე, ამაზე ძალიან სწრაფ და მყისიერ რეაგირებას ველოდებით სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ისეთივე სწრაფ და მყისიერ რეაგირებას, როგორც ეს მოხდა მაგალითად, მარიამ ლაშხის შემთხვევაში, როდესაც საუბარი იყო მის შეურაცხყოფაზე, ან „ქართული ოცნებიდან“ ნებისმიერი სხვა დეპუტატის შეურაცხყოფაზე. ისეთივე სწრაფ რეაგირებას ველოდებით, როგორც ეს საგამოძიებო კომისიის შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ პროკურატურამ გამოიჩინა. ეს გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა და გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის ამბავია, ვიდრე ის შემთხვევები იყო. ნორმალურ ქვეყნებში აბსოლუტურად წარმოუდგენელია, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მეუღლეს იტაცებენ დაუდგენელ გარემოებში და ასეთ ჩანაწერს ავრცელებენ მერე. ეს არის ერთგვარი ტესტი სამართალდამცავი უწყებების. ამ განცხადებაში კონკრეტული გარემოებები იყო დასახელებული, საიდან მოიტაცეს ადამიანი, სად ჰყავდათ და ა.შ. რეალურად, ეს შემთხვევა ძალიან მარტივი გამოსაძიებელი იქნება, თუ ამის ნება იარსებებს“,- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
გარდა ამისა, ნატროშვილი გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტანილ საჩივარს, რომელიც მათ დეპუტატების მიმართ „გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად“ სამართლებრივი დავის დაწყების მიზნით შეიტანეს. ნატროშვილის თქმით, „ქართული ოცნებისთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი და ეს არის გზა, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ, სხვადასხვა ჯგუფები გააჩუმონ“.
„უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ ზიზღისა და სიძულვილის კამპანია „ქართული ოცნების“ მხრიდან მოდის. მათი ნაბიჯები იყო ის, რამაც მოახდინა ამ საზოგადოების გახლეჩა, ადამიანების გარკვეულ ჯგუფებად დაყოფა, დემონიზება, კონკრეტული ჯგუფებისთვის იარლიყების მიკვრა და ა.შ. აქედან გამომდინარე, გულწრფელობაში ეჭვი უნდა შევიტანოთ, რომ მართლა სურთ ზიზღისა და სიძულვილის ენასთან ბრძოლა. მათთვის უბრალოდ, მიუღებელია განსხვავებული აზრი და ეს არის გზა, რომლის მეშვეობითაც ისინი ცდილობენ, რომ ეს ჯგუფები გააჩუმონ.
ვინ წაშალა ზღვარი [გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის]? ეს არის აქ მთავარი კითხვა. მათ რეალურად აქვთ ეს კეთილშობილური მიზანი, რომ საზოგადოება არ იყოს გახლეჩილი, პოლიტიკური თუ სოციალური პროცესები არ იყოს პოლარიზებული. მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ ამ საკითხში. მათ უნდა მისცენ მაგალითი, საკუთარი თავით უნდა დაიწყონ. სამწუხაროდ, ისინი თესავენ იმ ზიზღსა და სიძულვილს, რაც მერე საზოგადოებაში რეაქციას იწვევს და შეიძლება ფიზიკურ ძალადობაში, სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდოს. აქ მთავარია, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის მას გააჩნია, ვის ხელშიც ძალაუფლებაა. თუ ისინი ამ მაგალითს მისცემენ, მაშინ ეს ტემპერატურა ავტომატურად დაიწევს და აღარ იქნება ასეთი შემთხვევები“,- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
ნატროშვილის თქმითვე, „ეს პროცესი ასევე, ანტიდასავლური კამპანიისთვის გამოიყენება“.
„რეალურად, რასაც ვხედავთ, ეს ორი საკითხი ერთმანეთზეა გადაბმული. „ქართული ოცნების“ კამპანია ეფუძნება ამ ორ რაღაცას. ერთი მხრივ, დისკრედიტაცია მოახდინოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, იმ ქვეყნების, რომლებიც საქართველოს მეგობრები არიან და არაერთი ათეული წელია საქართველოს მხარს უჭერენ, ამასთან, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გარანტები არიან. მეორე მხრივ, დემონიზება მოხდეს იმ ჯგუფების, რომლებიც ქვეყნის შიგნით მოქმედებენ. სტრატეგიაა არჩეული, რომ ორ კურდღელს იჭერენ. ისინი ერთი მხრივ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ესხმიან თავს და მეორე მხრივ, [მათ] არამხარდამჭერებს. აქ საუბარია, როგორც ოპოზიციურ ჯგუფებზე, ისე სამოქალაქო აქტივისტებზე და რიგით მოქალაქეებზე. ეს ჩვეულებრივი პიარკამპანიაა, პირველად არ ხდება საქართველოში, უცხო ქვეყნებშიც გვინახავს.
ეს არის შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც ვითომდა, ჩვენი პარტნიორები საქართველოში სიტუაციის არევას, ხელისუფლების ცვლილებას და ა.შ. ცდილობენ. ამ გზით ისინი როგორც ჩანს, ცდილობენ, რომ საკუთარი მხარდაჭერები დაარწმუნონ იმ ნაბიჯების სისწორეში, რასაც განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაშიც დგამენ. აქ საუბარია როგორც კანონმდებლობის მნიშვნელოვნად გაუარესებაზე, გამკაცრებაზე, სამოქალაქო, პოლიტიკური უფლებების შეზღუდვაზე, ისე პრაქტიკაში მათ გამოყენებაზე. შესაბამისად, ამას მათი მხარდაჭერების თვალში რაღაც გამართლება უნდა ჰქონდეს. დისკრედიტაციის კამპანია გამოიყენება იმისთვის, რომ გამართლდეს ის არადემოკრატიული ნაბიჯები, რომლებიც გარკვეული ჯგუფების მიმართ ხორციელდება. ასევე ის პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაა“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო. აღნიშნულის საპასუხოდ, დღეს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი „5 ნიღბიანმა გაიტაცა, 8 საათის განმავლობაში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ და ბავშვების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ“.
