ლევან ნატროშვილი – აინტერესებთ, ჩვენი როლი რა იყო, საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობდით თუ არა, ვაორგანიზებდით თუ არა, რამეს ვყიდულობდით თუ არა – გაუგებარია, საერთოდ რას იძიებენ

აინტერესებთ, ჩვენი როლი რა იყო, საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობდით თუ არა, ვაორგანიზებდით თუ არა, რამეს ვყიდულობდით თუ არა, – ამის შესახებ „სამართლიან ს“ დირექტორმა, ლევან ნატროშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
ნატროშვილის თქმით, პროკურატურა აღნიშნული გამოძიებით ცდილობს გაამართლოს სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება.
„იგივე კითხვები ჰქონდათ ჩემთან, რაც სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს დაუსვეს. მათ აინტერესებთ, ჩვენი როლი რა იყო, საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობდით თუ არა, ვაორგანიზებდით თუ არა, რამეს ვყიდულობდით თუ არა, ასეთი კითხვები იყო. ვფიქრობ, რომ ეს გამოძიება მთლიანად არის აბსურდული. სრულიად დაუსაბუთებელია ის განცხადება, რაც გაავრცელა პროკურატურამ. გაუგებარია, საერთოდ რას იძიებენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, კანონი არ დაგვირღვევია, არანაირი ძალადობრივი ქმედებისკენ არავისთვის არ მოგვიწოდებია, აქცია არ დაგვიორგანიზებია, რომელიც რაღაც კონკრეტულ კანონდარღვევას ეხება და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი ნაბიჯი იმისთვის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები აღარ იყოს საქართველოში, აღარ იმუშაონ, არ დაეხმარონ ხალხს. ამ მიზანს ემსახურება ეს გამოძიება, რაღაცნაირად უნდა გამართლდეს ის ნაბიჯი, რაც იყო, დაყადაღება ჩვენი ანგარიშების. სამწუხაროდ წვალობს პროკურატურა, რომ რაღაც გამოიყვანოს ამ საქმიდან“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
ამასთან, ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აქციების მონაწილეებადაც ფიქსირდებოდნენ და მათგან ვადამდელი საპარლამენტო ს მოთხოვნაც ისმოდა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ნატროშვილმა პროკურატურას ამ დრომდე რაიმე ღირებული მტკიცებულება არ მიაწოდა.
„დაკითხვის დროს გამოიკვეთა, რომ ისინი (არასამთავრობო ორგანიზაციები) რეალურად აქციის მონაწილეები იყვნენ. არ ვიცი რამდენად სწორი იყო, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო მოთხოვნები: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. „ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები რა სამართლებრივი ან მტკიცებულებითი საფუძვლები ჰქონდათ მსგავსი ტიპის მოთხოვნების, თუმცა ამაზე პასუხი იყო ის, რომ უკვე დაიკითხა ამასთან დაკავშირებით და პროკურატურას გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა. თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, მას პროკურატურისთვის რამე ღირებული მტკიცებულება არ მიუწოდებია“,- განაცხადა პროკურორმა.
კოტრიკაძის თქმით, საქმე, რომელიც საბოტაჟის მუხლითაა აღძრული, მოიცავს ყველა გარემოებას, რაც მიტინგებზე დაფიქსირდა.
მისივე თქმით, აქციებზე არასამთავრობოები როგორც მონაწილეებად, ასევე მონიტორებადაც ფიქსირდებოდნენ, მათი დასკვნებიც საქმეშია მიმაგრებული და შეფასდება.
„მოლოტოვის კოქტეილები“, უამრავი პიროტექნიკა, რომელიც პოლიტიკური პარტიების ოფისებიდან იქნა ამოღებული. დაყადაღებულ ანგარიშებზე არსებული თანხები. ეს ყველაფერი სრულად საკმარისი იყო თუ არა საბოტაჟისთვის? უფრო ობიექტური ეს შეკითხვა იქნებოდა. ეს ყველაფერი იძლევა იმის საშუალებას, რომ კონკრეტული პირების მიმართ არასამთავრობო იქნებიან თუ სხვები, იყოს კითხვები.
მან ბრძანა, რომ აქციებთან დაკავშირებით იყვნენ მონაწილეები, ასევე მონიტორებიც იყვნენ. ასე რომ გარკვეული დასკვნები აქვთ გაცემული, ბუნებრივია მათ მიერ გაცემული დასკვნებიც საქმეშიც მიმაგრდება და მიეცემა შეფასება.
როდესაც საქმე დაწყებულია საბოტაჟის მუხლით, იგულისხმება ყველა გარემოება, რაც იყო კონკრეტული მიტინგების დროს“, -განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების” , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” , ა(ა)იპ „საფარის” , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.