ლევან მურუსიძე – საქართველოში არის დამოუკიდებელი სასამართლო და არავის სამართალი არ დაეკარგება

საქართველოში არის დამოუკიდებელი სასამართლო და არავის სამართალი არ დაეკარგება,- ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მან აქციების დროს დაკავებულთა საქმეებზე საუბრისას განაცხადა, რომ დარწმუნებულია, დაკავებულთა მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებები, მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნებოდა მიღებული.
„გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა, დარწმუნებული ვარ, რომ იქნებოდა კანონზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით. საქართველოში არის დამოუკიდებელი სასამართლო და არავის სამართალი არ დაეკარგება. შესაბამისად, აღნიშნული საქმეები განხილული იქნება… არის სამი ინსტანცია, შემდგომ არის სტრასბურგის სასამართლო. ყველა ვნახავთ, რამდენად ჩააბარებს ქართული სასამართლო ტესტს”,- განაცხადა მურუსიძემ.
რაც შეეხება მოსამართლეების მიმართ გამართულ პროტესტს, მურუსიძემ განაცხადა, რომ მათი მისამართით შეურაცხყოფებს სასამართლო კორპუსი ღირსეულად გასცემს პასუხს.
„დახვედრები, შეურაცხყოფის მოყენებები – ეს ვფიქრობ, რომ უფრო იმ ადამიანებს აყენებს შეურაცხყოფას, ვინც ცდილობს, რომ სასამართლო კორპუსს მიაყენოს შეურაცხყოფა და სასამართლო კორპუსი ამას ღირსეულად, მედგრად, მტკიცედ გასცემს პასუხს”. – განაცხადა ლევან მურუსიძემ.