ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციას საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი განახორციელებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ის ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციას საგარეო უწყების სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი განახორციელებს.
პირის საკონსულო თანამდებობაზე დანიშვნის ერთ-ერთი მოთხოვნა – გავლილი ჰქონდეს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სპეციალური სასწავლო პროგრამა და მიღებული ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი, თავად მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლისა და სერტიფიკატის მიღების ვალდებულებით ნაცვლდება.
ამასთან დაკავშირებით მთავრობამ პარლამენტს განსახილველად “საკონსულო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომლის თანახმად, კანონიდან სსიპ – საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი ამოღებულია.
ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური სასწავლო პროგრამის ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას ახორციელებდა. ცვლილების შემდეგ კი, აღნიშნულ ფუნქციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი შეასრულებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ცვლილებების აუცილებლობა ეფექტიანი მმართველობის განხორციელების და რესურსების ოპტიმიზაციის საჭიროებით არის განპირობებული.
“აღნიშნული ცვლილების შემუშავების საჭიროება დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმის პროცესთან, რომლის დასრულების შემდგომ სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობა იცვლება და სამინისტროს ახალი სტრუქტურა მიიღება. სპეციალური სასწავლო პროგრამის ორგანიზებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.