ლევან მგალობლიშვილი – საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დატოვეს სხდომათა დარბაზი, თუმცა ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოვასწარით

როგორც მოსალოდნელი იყო, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დემონსტრაციულად დატოვეს სხდომათა დარბაზი, თუმცა ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოვასწარით, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.
შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს.
აღნიშნული საკითხის განხილვისას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ტრადიციულად მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს.
„როგორც მოსალოდნელი იყო, წინა შეხვედრების მსგავსად, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დემონსტრაციულად დატოვეს სხდომათა დარბაზი, თუმცა მანამდე ჩვენ ორი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოვასწარით. საკითხები ეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დაკავებებსა და ბორდერიზაციას.
მოლაპარაკებების დროს, მათი მხრიდან ასევე გაჟღერდა ჟენევის ფორმატის მინსკის ფორმატით ჩანაცვლების იდეა, რაზეც ჩვენ რა თქმა უნდა, კატეგორიული უარი განვაცხადეთ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან ერთად მოგვიწევს დასხდომა და ვიმედოვნებ, რომ ექვსპუნქტიანი გეგმის ყველა პუნქტს გაეცემა ისეთი პასუხი, როგორსაც საქართველოს მოსახლეობა და რა თქმა უნდა, ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობა იმსახურებს“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი 2024 წლის 5-6 ნოემბერს გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?

ვოპკე ჰოეკსტრა: ასეთი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ხელმისაწვდომი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, არც 2030 წლამდე, როგორც თქვენი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ და არც საერთოდ, თუ ეს კურსი გაგრძელდება…