სამწუხაროა რეალობაა, რომ დღევანდელი ევროპის პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი ძალიან შორს არის იმ ნამდვილი ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტისგან, რის ჩამოყალიბებასაც თავის დროზე სათავეში ჟან მონე და რობერ შუმანი ედგნენ, – ასე უპასუხა PACE-ში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე დასმულ კითხვას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მახაშვილის შეფასებით, ევროპის სტრუქტურებში შავს ეძახიან თეთრს, ხოლო თეთრს – შავს.
„გავეცანი გზავნილებს და რაც სამწუხაროდ, ვიხილეთ, ეს არის ადამიანების ერთობა, რომლებიც დაცლილი არიან ევროპისგან, ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტისგან. ამ ადამიანებს შეუძლიათ ვიწყო პოლიტიკური ინტერესების გამო გაწირონ ყველა და ყველაფერი – შავს დაუძახონ თეთრი, თეთრს დაუძახონ შავი. ეს არის ის რეალობა, რაც ჩვენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიხილეთ.
ამ პლატფორმაზე რამდენადაც ხელისუფლება ცდილობდა საქართველოს ინტერესების დაცვას, ოპოზიცია ყველაფერს ამის საპირისპიროდ აკეთებდა, რათა დაზიანებულიყო საქართველოს რეპუტაცია, საქართველოს იმიჯი და საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელი მაქსიმალურად შელახულიყო. მათ ურჩევნიათ, საკუთარ მოკლევადიან პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყნის ინტერესები ანაცვალონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
