ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური შეფასებების კრებული და არა სამართლებრივი დასკვნა, აქ თავმოყრილია გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები – ერთგვარი ენციკლოპედიასავით გამოუვიდა ამ პოლონელ პროფესორს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს თეორიული დოკუმენტია, რომელსაც რეალობაში განხორციელება არ უწერია იქიდან გამომდინარე, რომ „იგი სრულიად არის მოწყვეტილი რეალობას.”

„ეს თეორიული დოკუმენტია, რომელსაც რეალობაში განხორციელება არ უწერია იქიდან გამომდინარე, რომ იგი სრულიად არის მოწყვეტილი რეალობას. ეს არის უფრო რაღაც პოლიტიკური სურვილების ნუსხა და სია, ვიდრე რეალური დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ მტკიცებულებებს. ამაზე პასუხიც შესაბამისი იქნება ქართული მხარის მხრიდან“, – განაცხადა მახაშვილმა.

ამასთან, მახაშვილის თქმით, გამოქვეყნებულ ანგარიშში მოყვანილია ინფორმაციები თუ შეფასებები, რომელიც „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატს სცილდება.

„მისი მანდატი სულაც არ არის ვიღაცის, სადმე სხვა სასამართლოებში რეფერირება, გადამისამართება და ა.შ. ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება. ამიტომ, ეს ცალსახად არის „მოსკოვის მექანიზმის” მანდატიდან გასვლა ამ ნაწილში.

რაც შეეხება კონკრეტულ კანონებს, რაზეც არის საუბარი ამ დოკუმენტში, აქ ახალი არაფერი არ თქმულა. გასული ორი წლის განმავლობაში თუ რაიმე ბრალდება გვსმენია საქართველოს მიმართ, სწორედ ამ ბრალდებების ერთგვარი ენციკლოპედიური კრებულია – იგივე სიტყვები და შეფასებები. გასაკვირია ასევე „გამჭვირვალობის კანონზე“ საუბარი, რომ ეს იქნება რაღაც ადმინისტრაციული წნეხი ამა თუ იმ ორგანიზაციისთვის.

ერთი მხრივ, არის ეს რაღაც თეორიული საუბრები, მეორე მხრივ გვაქვს კონკრეტული წლების დაგროვილი პრაქტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ ეს გაზვიადებული და პოლიტიკური ბრალდებები არის უფრო უსაფუძვლო, ვიდრე რეალობასთან რაიმე კავშირში მყოფი”, – განმარტა მახაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რა იქნება საქართველოს პასუხი და რეაგირება, მახაშვილმა უპასუხა, რომ „გაუჭირდება რაიმე კონკრეტულის თქმა, რა შეიძლება საქართველომ საპასუხოდ გააკეთოს, რადგან ეს არის რაღაც აუხდენელი ოცნებების და სურვილების სია.”

„გამიჭირდება რაიმე კონკრეტულის თქმა, რა შეიძლება საქართველომ საპასუხოდ გააკეთოს, რადგან ეს არის რაღაც აუხდენელი ოცნებების და სურვილების სია.

ამ ტიპის რეკომენდაციებს, თუ შეიძლება რომ რეკომენდაცია დავარქვათ, პასუხი, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნებზე არაერთხელ იქნა გაცემული. ე.წ. კამიტიდან დაწყებული ყველაფერს სათანადო პასუხი გაეცა. ამ თემების ხელახლა შემობრუნებით არაფერი არ შეიცვლება. კარგია, რომ ეუთო-შიც ქვეყნების უმრავლესობა სწორად აფასებს ამ პროცესს და მხარს არ უჭერს ამ ტიპის ქმედებას, რასაც ჰქვია „მოსკოვის მექანიზმის” უსაფუძვლოდ, არასწორი მიზეზებით ამოქმედება”, – განმარტა დეპუტატმა.

ცნობისთვის, ეუთომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენების სრულ დაუსჯელობასთან. მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებად იღებენ მიზანში. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი” (TFI), “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), და “გრანტების შესახებ კანონში” უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები უნდა გაიწვიოს. ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საქართველოსთვის, ეუთოს წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.