ლევან მახაშვილი – ეუთო/ოდირის მხრიდან დროზე მითითება ჩვეულებრივი მანიპულაციაა და მეტი არაფერი – ჩვენ მზად ვიყავით, მაქსიმალურად გვერდით დავდგომოდით, რაც შეიძლებოდა 1 თვეში გაკეთებულიყო, ჩვენი მხრიდან 1 დღეში გაკეთდებოდა

დროზე მითითება ჩვეულებრივი მანიპულაციაა და მეტი არაფერი – თუ ისინი [ეუთო/ოდირი] თვლიან, რომ მათთვის ეს იყო უმთავრესი, კი ბატონო, მაგრამ თუ სურვილია, რომ ესწრებოდნენ რომელიმე არჩევნებს, მაშინ არ არსებობს რაიმე ვადა, შეუძლიათ ერთი კვირით ადრეც ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ეუთო/ოდირის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეუთოოდირთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული პოზიცია და პრიორიტეტი არ ჰქონდა.
„ჩვენთვის მისაღები იქნებოდა ეუთო/ოდირის დასწრება და დაკვირვება იმდენად, რამდენადაც მის შედეგს პატივს სცემდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ არათუ პატივს არ სცემდნენ, არამედ პირველივე შესაძლებლობისას მისი შედეგები ნაგავში მოისროლა ყველამ, ვისაც პატივი უნდა ეცა, ჩვენ განსაკუთრებული პოზიცია არ გვქონია ეუთოოდირის მონაწილეობა-არმონაწილეობაზე. საბოლო ჯამში, რომ დაგვესრულებინა მანიპულაციები, მოწვევა-არმოწვევასთან დაკავშირებით, მოვიწვიეთ და მივიღეთ ის პასუხი, რაც მივიღეთ. არც გაგვკვირვებია, არც გაგვხარებია და არც გვწყენია. პატივს ვცემთ მათ პოზიციას და გადაწყვეტილებას და იმედია, რომ მსგავსად ისინიც და ყველა პატივს სცემს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებასა და არჩევანს მუნიციპალურ არჩევნებზე. დროზე დაიწყეს ზოგზოგიერთებმა მანიპულაცია – არ არსებობს განსაზღვრული თარიღი, როდის უნდა გააგზავნო და როდის არა. ეს არის ორმხრივი შეთანხმების საგანი იმ ქვეყანაში, სადაც მიდიხარ. განსაკუთრებული წესი არ არსებობს. ჩვენ ვხედავთ, რომ საპარლამენტო ს პროცედურებით და სტანდარტით სჯიან მუნიციპალური ს წესებს… დროზე მითითება ჩვეულებრივი მანიპულაციაა და მეტი არაფერი – თუ ისინი თვლიან, რომ მათთვის ეს იყო უმთავრესი, კი ბატონო, მაგრამ თუ სურვილია, რომ ესწრებოდნენ რომელიმე არჩევნებს, მაშინ არ არსებობს რაიმე ვადა, შეუძლიათ ერთი კვირით ადრეც ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ, თუ ამის სურვილი აქვთ“, – განაცხადა მახაშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას, მახაშვილმა აღნიშნა, რომ დროის ფაქტორი მათთვის ნამდვილი მიზეზი ვერ იქნება, „იმის გათვალისწინებით, რომ ისინი მზად იყვნენ, თუ რაიმე დასჭირდებოდათ, მაქსიმალურად გვერდში დადგომოდნენ“.
„ეს მიზეზი ჩვენთვის არ არის და ვერ იქნება ნამდვილი, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მზად ვიყავით, მაქსიმალურად გვერდში დავდგომოდით, თუკი რაიმე დახმარება დასჭირდებოდათ – რაც შეიძლებოდა 1 თვეში გაკეთებულიყო, ჩვენი მხრიდან 1 დღეში გაკეთდებოდა, რომ ჩამოსულიყვნენ და უპრობლემოდ დაჰკვირვებოდნენ. თუ ორთვიანი წინასაარჩევნო კამპანიას უნდა დაკვირვებოდნენ, გასაგებია. თუ თვითონ არჩევნების დღე და არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე პერიოდი აინტერესებდათ, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და დღესაც ვართ თუ პოზიციას შეიცვლიან, აქ ვართ და სიამოვნებით დავუდგებით გვერდში“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა, რომ საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. კერძოდ, ეუთო/ოდირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე, არჩევნების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე დამკვირვებელთა მოწვევა არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის.
როგორც ეუთო/ოდირის დირექტორმა განაცხადა, ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოში.