ძალიან უხეში ჩარევაა საარჩევნო პროცესში და ყველაზე გასაკვირია, თუ ამ ყველაფერს რატომ ადევნებენ დუმილით თვალყურს ევროკავშირის ელჩი და დიპლომატიური კორპუსი. რატომ არ აკეთებენ განცხადებას ამასთან დაკავშირებით, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ლევან მაჭავარიანი მელიქიშვილის გამზირზე, პარტიის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ლიბერალური ფაშიზმის“ მიმდევრები, აორგანიზებენ კარგად გააზრებულ პროვოკაციას შტაბის წინ.
„აქ არის „ქართული ოცნების“ თბილისი საარჩევნო შტაბი, სადაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და იკრიბება ძალიან ბევრი ხალხი, ჩემი თაობა, ჩემზე პატარა და დიდი თაობა, კაცები, ქალები, გოგოები, ბიჭები და მიდის ძალიან აქტიური მუშაობა. დაგეგმილად მოდის ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა და არიან ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში, აორგანიზებენ კარგად გააზრებულ პროვოკაცია შტაბის წინ. ამ შტაბში იმყოფება ძალიან ბევრი ადამიანი და შესაბამისად ძალიან რთულია ამ ადამიანების მოთოკვა, ვინაიდან ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება და როდესაც ეხებიან შენს ღირსებას და ამას აკეთებენ გამიზნულად, რაღაც საშინელი სიტყვებით ხდება შეძახილები, ძალიან რთულია შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა, მიუხედავად იმისა, რომ ამით ვართ დაკავებული. დღეს რა რაოდენობის ახალგაზრდებიც გარეთ გავიდნენ, ხუთჯერ მეტი შტაბში იმყოფებოდა აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დაკავებული ვიყავით მოთოკვით და რაღაცნაირად გავაჩერეთ შტაბში, მაგრამ ძალიან რთულია ეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ ყველა ჩვენ მხარდამჭერს, რომ თავი შეიკავოთ, ვინაიდან ეს პირდაპირ გამიზნულია და ემსახურება მათ დღის წესრიგს. ამით უნდათ, რომ დუღილის ტემპერატურა აწიონ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
