ესტონეთის მხარეს არავინ ეკითხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს. ეს უნდა იყოს 27-ვე ქვეყნის კონსენსუსი, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი შეფასებით, რამდენიმე ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას არ დათანხმდება.
“მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, რომ ბატონ ტრამპს რამდენიმე დღის წინ ჩართვა ჰქონდა (დავოსის ეკონომიკური ფორუმი რომ მიმდინარეობდა), სადაც მან პირდაპირ განაცხადა, რომ ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა ამერიკას. შესაბამისად, ევროკავშირის უსამართლოდ მოქცევა საქართველოსთან მიმართებაში, ამის შემდეგ რა თქმა უნდა, არავის უნდა გაუკვირდეს. ესტონეთის მხარეს არავინ არ ეკითხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს. ეს უნდა იყოს 27-ვე ქვეყნის კონსენსუსი. ჩვენ ვიცით რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ამას არ დათანხმდება. ასეთი ქვეყნების რაოდენობა უკვე იზრდება, ვატყობთ, როგორ იცვლება ევროკავშირის პოლიტიკური კონიექტურა და ვხედავთ, რომ სლოვაკეთს, უნგრეთს ისეთი ქვეყნები ემატება, როგორიცაა ავსტრია, სერბეთი და ა.შ., რომლებიც უფრო თავიანთ სუვერენიტეტზე იწყებენ ზრუნვას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის და საჭიროა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი დაიწყონ.
„რაც შეეხება საქართველოს, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის. ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია და ერთი-ერთი რამ, რაც ესტონეთმაც შესთავაზა არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესის დაწყება. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ხვალ გავაუქმებთ, მაგრამ საჭიროა დავიწყოთ ეს პროცესი იმისთვის, რომ ძალიან პირდაპირი და მკაფიო გზავნილი გავაგზავნოთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს ხელმძღვანელობს, საკუთარ ხალხს ატყუებს და მათ უნდა შეცვალონ კურსი“, – აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.